ახალგორის ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ეს, თითქოსდა უთქმელი, მაგრამ ნაგულისხმევი ამბავი იყო. ახალგორისა და მისი სოფლების ერთი ხელიდან მეორეში გადაცემისთვის შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა, განსხვავებით იმისგან, რაც დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობისთვის მოხდა. „ჩვენთვის არავის უბრძოლია“ - ხშირად მოისმენთ, დანანებით ნათქვამ ამ სიტყვებს ადგილობრივებისგან. მოსახლეობამ სახლების მიტოვება თვითნებურად დაიწყო. დღეს არსებული დევნილთა დასახლება წეროვანთან, რომელიც საქართველოში არსებულთაგან ყველაზე მოცულობითია, დიდწილად, სწორედ ახალგორიდან დევნილებითაა დაკომპლექტებული.
საკუთარი სახლების მიტოვების პროცესი მარტივი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილებში საომარ მოქმედებები არ ყოფილა, სახლები დაუზიანებელი გადარჩა. ადგილობრივები ცდილობდნენ მამა-პაპეული ადგილი, უკან მისაბრუნებელი, შეენარჩუნებინათ. ოჯახებმა, როგორც შეძლეს, ორად გაიყვნენ. ნაწილი დევნილთა საცხოვრებელში წამოვიდა, შედარებით ასაკიანები კი დარჩნენ. ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის გავლით, ისინი წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. ახალგორში დარჩენილებს, ამავე პუნქტის გავლით, ხელი მიუწვდებოდათ ჯანდაცვასა და სხვა სერვისებით სარგებლობაზე.
ახალგორელებისთვის ვითარება რადიკალურად ორი წლის წინ შეიცვალა, როდესაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ოსურმა მხარემ მაშინ ულტიმატუმი წამოაყენა და საგუშაგოს აღება მოითხოვა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა. სწორედ ეს უარი იქცა მიზეზად იმისა, რომ ახალგორის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა და მას შემდგომ, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივ მძევლად იქცა. მძევლობის თაობაზე ინფორმაცია რუსულ-ოსურ მხარეს არ უარყუყვია. უფრო მეტიც, დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტოლი ბიბილოვი ახალგორელებს შეხვდა და განუცხადა, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ მოსთხოვთ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას, ახალგორის გამშვები პუნქტი არ გაიხსნებაო.
მძევლად დარჩენილ ახალგორელებს საქართველოს ხელისუფლებისთვის არასდროს მოუთხოვიათ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული საგუშაგოს აღება. შესაბამისად, არც ახალგორის გამშვები პუნქტი გახსნილა. ეს იძულებითი და არაადამიანური მძევლობა მძევლობად გაგრძელდებოდა, რომ არა კოვიდ პანდემიის დაწყება მსოფლიოში.
პანდემიამ ოკუპირებულ ანკლავშიც შეაღწია (ერთადერთი ვაქცინა, რაც ამჟამად დე-ფაქტო ცხინვალში ხელმისაწვდომია, „სპუტნიკია“). ჩაკეტილობის, პანდემიისა და უვაქცინობის პირობებში, ახალგორი, ფაქტობრივად, სასაკლაოდ იქცა. ადამიანები ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობის გამო სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან თბილისში ტრანსპორტირებას 30 წუთი სჭირდება, გამშვებ პუნქტს დე-ფაქტო ადმინისტრაცია არც ამ შემთხვევაში ხსნიდა და მოსახლეობას ცხინვალში მკურნალობისკენ მოუწოდებდა. არაერთი ტრაგიკული ისტორიისა და გარდაცვალების ფაქტის დადგომა გახდა საჭირო იმისთვის, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციას ახალგორელებისთვის გადაუდებელი მკურნალობისთვის თბილისში ტრანსპორტირებაზე ნებართვა გაეცა. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა.
ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ახალგორში კიდევ ერთ მიზეზად იქცა იმისთვის, რომ აქ, ჯერ კიდევ დარჩენილ ადგილობრივებს სახლ-კარი მიეტოვებინათ. ამ პროცესისთვის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ საერთაშორისო წითელი ჯვრის რესურსიც გამოიყენა.
საერთაშორისო წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობს. „ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა მისიის ერთ-ერთი მიმართულებაა. პროგრამას უკავშირდებიან როგორც ოფიციალური თბილისის მიერ გაკონტროლებული სივრციდან, ისე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და განაცხადის საფუძველზე, რომ მათ სურთ შეუერთდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს, გადადიან საცხოვრებლად ერთიდან მეორე მხარეს, ან პირიქით.
საერთაშორისო წითელი ჯვრის პროექტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საცხოვრებლის შეცვლა სამუდამოა. მას შემდგომ, რაც პირი გადაადგილდება, მას უკან დაბრუნების გზა ეჭრება. მაგალითად, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გაკონტროლებულ მხარეს მცხოვრები მოქალაქე ხელს აწერს საბუთს, რომლის თანახმად, მას უკვე აღარ აქვს პრეტენზია არანაირ უძრავ თუ მოძრავ ქონებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. ამგვარად, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, ფაქტობრივად, მესაკუთრის გარეშე რჩება და ამის თაობაზე თავად მესაკუთრეს აქვს გაცხადებული თანხმობა.
ასევე, სანამ სახლს და უძრავ ქონებას დატოვებს, მოქალაქემ ყველა „ვალი“ უნდა დაფაროს. გადაიხადოს კომუნალურები, გაანულოს ყველა ვალდებულება და შემდეგ აძლევს დე-ფაქტო ადმინისტრაცია მოქალაქეს უფლებას წავიდეს.
ამერიკის ხმა ახალგორში მცხოვრებ ერთადერთ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ესაუბრა. ადამიანებისგან დაცლილი ახალგორი მისთვის მტკივნეული სანახავია. „მე ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას ვცხოვრობ. ჩემს ქუჩაზე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაა განთავსებული, მათ შორის მილიციის განყოფილებაც. ჩემი ბინა კორპუსშია, მაგრამ ღამით რომ შეხედოთ, მხოლოდ ჩემი ფანჯრიდან გამოდის სინათლე. მთელ ამხელა საცხოვრებელში აღარავინაა დარჩენილი. ახალგორის ძველ ქუჩებზე რომ გაიაროთ, ბალახითაა სავსე. იქ, სადაც ადრე ხალხი ცხოვრობდა, ახლა ყველა კარი გამოკეტილია. მაგალითად, თბილისის ქუჩაზე, ათი სახლია და ყველას ბოქლომი ადევს. მყიდველიც კი არავინაა, რომ ვინმემ იყიდოს და მოუაროს, ან იქირაოს“,- გვეუბნება თამარი.
ადამიანები ახალგორს სხვადასხვა მიზეზით ტოვენ. ერთი, ეთნიკურად ოსი ქალბატონის ისტორიას, რომელსაც თამარ მეარაყიშვილი იხსენებს, პირადი ტრაგედია უდევს საფუძვლად. მას შვილი გარდაეცვალა, რომელიც ოძისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ოძისი ახალგორის სიახლოვეს მდებარეობს, თუმცა არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ახალგორი ჩაიკეტა, იქ მცხოვრები ქალბატონი შვილის საფლავზე წასვლას ვერ ახერხებდა. „იმდენად ენატრებოდა შვილის საფლავი, რომ საერთაშორისო წითელ ჯვარს მიმართა და სთხოვა, ოჯახების შეერთების პროგრამაში ჩაესვათ. წავიდა თბილისში, ნათესავებთან ცხოვრობს და იქიდან დადის ახლა შვილის საფლავზე“,- გვიყვება თამარი და დასძენს, რომ ამ ქალბატონს ბევრმა ადამიანმა მიბაძა.
ეს ისტორიაც აჩვენებს - რომ არა გამშვები პუნქტის ჩაკეტვა ახალგორთან, მოსახლეობა ასეთი ინტენსივობით არ იფიქრებდა საკუთარი სახლების მიტოვებაზე.
„ჩემს სიახლოვეს ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ოთხი ძმა იყვნენ, ოთხივე ომში გაიწვიეს. იქიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა ცოცხალი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი კაცი იყო. სახლთან ერთი დიდი რკინის ბოძი ჰქონდა და საკუთარი ხელით გაღუნა, სანამ ახალგორს დატოვებდა. თქვა, როცა უკან მოვბრუნდები, მე თვითონვე გავასწორებ, ან თუ ჩემზე ძლიერი გამოჩნდა ვინმე, იმან გაასწოროსო,“- გვიყვება თამარი ახალგორის დატოვების მორიგ ისტორიას.
განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო სახლების დატოვების შემთხვევები. ადამიანებს არჩევანის გაკეთება საკუთარი სახლის მიტოვებასა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას შორის უწევთ. თუ ვინმეს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ოპერაციის შემდგომ, მოვლაც ესაჭიროება, რასაც ახალგორში დაბრუნების შემთხვევაში, დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევდა. გამშვები პუნქტი რომ მუშაობდეს და საქართველოს გაკონტროლებულ მხარეს მყოფ ოჯახის წევრებს, ან ნათესავებს შეეძლოთ ახალგორში, თუნდაც „პროპუსკის“ საფუძველზე ჩასვლა, მდგომარეობა ასეთი მძიმე არ იქნებოდა.
ჯერ ახალგორის ჩაკეტვამ და იზოლაციაში მოქცევამ დე-ფაქტო ცხინვალის მიერ, ხოლო შემდეგ პანდემიამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილმა გამოუვალმა მდგომარეობამ, ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს უბიძგა საკუთარი „სურვილით“, „ხელწერილით“, უარი თქვან ქონებაზე.
საკუთარი სახლები, რაც საომარი მოქამედებების შიშის ქვეშაც კი არ მიუტოვებიათ ადამიანებს, ახლა ტოვენ და ამ მიტოვებას საკუთარი ხელმოწერით აფორმებენ, თითქოს ეს მათი თავისუფალი არჩევანი იყოს.
Facebook Forum