ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სამომავლო პერსპექტივები ავღანეთში


ირანს ლეგიტიმური ინტერესი, იდეოლოგიური უპირატესობა და რეგიონალური ამბიცია ამოძრავებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ვიდრე შეერთებული შტატები გადაწყვეტს, თუ რამდენი ჯარისკაცი დატოვოს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ, ირანი ავღანეთის მომავალში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.

ქაბულში, დარულ ამანის გზატკეცილზე, დიდი თეთრი მეჩეთი დგას. მის უკან ისლამის უნივერსიტეტი და სტუდენტების საცხოვრებელი სახლებია. ამ კომპლექსის აშენება ირანმა დააფინანსა და ამიტომაც უნივერსიტეტში ისლამის ირანულ ვერსიას ასწავლიან.

დასავლეთ ქაბულის ამ ნაწილში ძირითადად ავღანელი შიიტები ცხოვრობენ. ისინი ირანიდან მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც თალიბების მმართველობა ავღანეთში დაემხო. იმამ ჰომეინის სახელი უნივერსიტეტის საქველმოქმედო ფონდს 1979 ისლამური რევოლუციის საპატივცემულოდ დაერქვა. ორგანიზაცია ყველა იმ ადამიანს ეხმარება, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. დაშთი ბარჩის სამეზობლო ქაბულში მეორე უბანია, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. შიიტები ავღანეთის სუნიტ მოსახლეობაში უმცირესობას წარამოადგენენ.
აჰმად საიდი ყოფილი დიპლომატი და პოლიტიკური ანალიტიკოსია, მისი თქმით, ავღანეთში ირანის გავლენა თანდათანობით იზრდება:

„მათ გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ეს იმ ადამიანების ნდობის მოპოვებაა, ვინც მომავალში ირანის რეჟიმის მომხრე გახდება. ამით სურთ ამერიკელი სამხედროების ავღანეთში ყოფნას ზიანი მიაყენონ.“

ვაშინგტონს მსგავსი პოლიტიკის გამოცდილება ერაყიდან აქვს. მაშინ პრო-ირანელმა შიიტებმა ამერიკულ ინტერვენციის შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდება შეძლეს.

ავღანეთსა და ირანს შორის ურთიერთობა ძირითადად ბუნებრივია. ირანში დღემდე მილიონობით ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომელიც თავის დროზე ავღანეთის ომს გაექცა. ბოლო დროს ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნდა. ამიტომაც, ბოლო დროს, ავღანურ საზოგადოებაში ირანული კულტურის და რელიგიური გავლენის ნიშნები გაჩნდა.

ავღანეთს ირანთან საკმაოდ გრძელი საზღვარი აკავშირებს და ნავთობის გადაზიდვის მარშრუტშიც გარკვეულ როლს თამაშობს. ამ ორ ქვეყანას თანაბარუფლებიანი ბაზარი აერთიანებს, საიდანაც ავღანეთს ყოველწლიურად ორი მილიარდი დოლარი შესდის.

დავუდ მორადიანი ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველია. მისი თქმით, ირანის ავღანეთში პოლიტიკას სამი ძირითადი ასპექტი აქვს:

„ეს გახლავთ ირანის ლეგიტიმური ინტერესი, ირანის იდეოლოგიური უპირატესობა და ირანის რეგიონალური ამბიცია. ამ ასპექტებიდან ორი ავღანეთს პრობლემებს უქმნის.“

ავღანეთის არმიის გადამდგარი ოფიცრისა და დაზვერვის თანამშრომელის,
ჯავად კოჰისტანის თქმით, ქაბული და ვაშინგტონი ავღანეთის უსაფრთხოების საკითხს დღემდე აქტიურად განიხილავენ. ამ დისკუსიებში ირანთან და პაკისტანთან ურთიერთობებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
XS
SM
MD
LG