ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა დაუჯდა სამხრეთ აფრიკას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი?


მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ქალაქ იოჰანესბურგში ახალი ქუჩები, ავტოსადგომები და განათება გაჩნდა

სამხრეთ აფრიკა ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. როდესაც ეს ქვეყანა საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების ღირსი გახდა ბევრი ელოდებოდა, რომ ეს მას დიდ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა, მაგრამ ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარება სამხრეთ აფრიკას ძალზე ძვირი დაუჯდა.

ყოველდღე, სკოლის დამთავრების შემდეგ, 80-მდე ბავშვი ახალი სტადიონისკენ მიდის ფეხბურთის სათამაშოდ სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგის ჰილბროუს გარეუბანში, სადაც მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა. ამ სტადიონის მშენებლობა ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა და იოჰან კრუიფის ფონდმა დააფინანსა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ბავშვებს ფეხბურთის თამაშის გარდა ერთმანეთის პატივისცემას და სოციალური ურთიერთობების დამყარებას ასწავლიან.

როგორც ფეხბურთის მწვრთნელი ჯონ „ბულ“ სიბეკო ამბობს, სპორტი ბავშვების საქციელზე დადებითად მოქმედებს:

„აქ როცა დავიწყე მუშაობა, მეგონა, ერთ წელზე მეტს ვერ გავძლებდი ისეთი უმართავი ბავშვები იყვნენ. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და ვანდალიზმით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა შექმნილი. მათი ყოფაქცევა ნამდვილად გამოსწორდა, ერთმანეთის პატივისცემა ისწავლეს.“

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის აშენება მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი დამსახურება არ არის, იკლო დამნაშავეობამ, გამოსწორდა ტრანსპორტის მუშაობა. როგორც სოციალური სფეროს თანამშრომელი პინდილე თშაბანგუ ამბობს: „აქ ავტობუსის ახალი ხაზი გაიხსნა, რომლითაც ბევრი ხალხი სარგებლობს. ის გაცილებით უფრო იაფი, სწრაფი და მოსახერხებელია.“

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ამ რაიონში ახალი ქუჩები, ავტოსადგომები და განათება გაჩნდა. ქალბატონი თშაბანგუს განცხადებით: „2010 წლამდე ამ უბანში პოლიციის მანქანები მორიგეობდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.“

უფრო რთულად არის მდგომარეობა მსოფლიო ჩემპიონატის დროს აშენებულ სტადიონებთან დაკავშირებით, რომლებსაც თავის შენახვაც კი უჭირთ.

ბრაზილიელი ტურისტი დანილო კამარგო სტადიონთან არსებულ სუვენირების მაღაზიას თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ეწვია. ორი წლის შემდეგ ბრაზილია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მისი თქმით: „ჩემი აზრით სკოლების და საავადმყოფოების აშენება სჯობია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ახალი სტადიონების აგებაც მოგვიწევს."

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა 3,8 მილიარდი დოლარი დაჯდა - ათჯერ მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო. კეიპტაუნის ახალი სტადიონი გადარჩენისთვის იბრძვის, როდესაც ზოგიერთები მის დანგრევას უჭერენ მხარს. თუმცა, უმეტესობას საერთო თვალსაზრისი გააჩნია მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც რასობრივი ანტაგონიზმით ცნობილ სამხრეთ აფრიკაში სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
XS
SM
MD
LG