ნევადის შტატში ამერიკელი, ქართველი და უკრაინელი დაჭრილი-დაშავებული მებრძოლების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები იმართება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების დაშავებული მებრძოლები ერთმანეთს შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, ველორბოლაში, ნიჩბოსნობაში, ცურვაში, კალათბურთსა და სხვა სპორტის ადაპტირებულ სახეობებში ეჯიბრებიან.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვას და მათ დახმარებას. ამას სხვადასხვა გზით ვაკეთებთ. ადაპტირებული სპორტული ღონისძიებები ამის ნაწილია. ზოგჯერ დაშავებული მებრძოლები თავს იზოლირებულად გრძნობენ, ფიქრობენ რომ მარტო არიან - რაც ასე ნამდვილად არ არის. ამ თამაშების მიზანიც სწორედ ისაა, რომ მათ მოტივაცია ავუმაღლოთ", - ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს პოლკოვნიკი ილაი მიტჩელი, რომელიც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დაშავებული მებრძოლების პროგრამის ხელმძღვანელია.
სპორტული ღონისძიებები ამერიკის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების ერთობლივი თამაშების ფარგლებში იმართება. ღონისძიებებს ლას-ვეგასში, შეერთებული შტატების ნელისის საჰაერო ძალების ბაზა მასპინძლობს.
„ ასეთი ტიპის შეჯიბრში ჩვენი პარტნიორების - ქართველებისა და უკრაინელების მოწვევა და მონაწილეობა ხელს უწყობს გამოცდილებს გაზიარებას, მეგობრობის ჯაჭვების ჩამოყალიბებას და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას. ჩვენი მიზანია დაშავებულ მებრძოლებს მივცეთ სტიმული და საშუალება გამოავლინონ თავი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში”, - გვეუბნება ილაი მიტჩელი.
საქართველოს გუნდი
საჰაერო ძალების თამაშებში საქართველო მეორედ მონაწილეობს. წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ნევადაში საჰაერო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები ერთდროულად გაიმართა. წელსაც ქართველმა მებრძოლებმა შეჯიბრებებში არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ამ დროისთვის ქართველი მებრძოლების გუნდს ოქროს 5, ვერცხლის - 7 და ბრინჯაოს 5 მედალი აქვს.
“ვულოცავ თითოეულ მათგანს, თავდაცვის უწყებასა და ჩვენს ქვეყანას ამ დიდ წარმატებას! „საჰაერო ძალების თამაშების“ დასრულებამდე, ჩვენი სამხედროები სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაში იასპარეზებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გაუტეხელი გმირები კიდევ არაერთხელ მოგვცემენ სიამაყის საფუძველს!” - წერია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნდა.
ქართული დელეგაციის წევრებს შორის არიან მებრძოლები, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო მისიაში ყოფნის დროს დაშავდნენ. მათი ნაწილი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს სამშობლოს იცავდა.
უკრაინის მებრძოლთა გუნდი
ამერიკის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების დაშავებულ მებრძოლთა თამაშებში წელს პირველად მონაწილეობდა უკრაინა. კიევიდან ლას-ვეგასში 30 ვეტერანი და მოქმედი სამხედრო ჩამოვიდა. ომში მყოფი ქვეყნიდან ნევადაში ჩამოსულ უკრაინელ სამხედროებს ორგანიზატორები ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ.
სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ამ დროისთვის უკრაინის გუნდის ანგარიშზე 30-ზე მეტი მედალია, აქედან - 20 ოქროსი.
“ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ვაჩვენოთ უკრაინელი ერის ძალა... მე ძალიან ამაყი ვარ ჩვენი გუნდის წევრებით, რადგან მათ ბევრი დაბრკოლება გადალახეს და მიაღწიეს სპორტულ წარმატებას ამ შეჯიბრის განმავლობაში“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში უკრაინელი სამხედრო იგორ ბუტენკო.
უკრაინული დელეგაციის ნაწილი სამშობლოში დაბრუნებისთანავე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქვეყნის დაცვას გააგრძელებს. მათ შორის ევჰენი ომელჩუკიც, რომელიც კიევის ოლქში რუსეთის საჰაერო იერიშების დროს დაშავდა. „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ევჰენი ამბობს, რომ ხალხმა უნდა დაინახოს უკრაინელების ძალა და გამარჯვების წყურვილი.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაინახოს ჩვენი ძალა, რამდენად ძლიერები, უდრეკები და თავისუფლები ვართ. გამარჯვების დროს დროშის აწევა სიამოვნებაა. ეს ჩვენს ერს, ჩვენს ერთობას წარმოაჩენს. ამ დროს ძალიან ამაყი ვარ’,- ამბობს 26 წლის ომელჩუკი.
ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი
თამაშების ფარგლებში ლას-ვეგასში, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ დავით ხორგუაშვილის "ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდმა" ქართველ, ამერიკელ და უკრაინელ სამხედროებს უმასპინძლა.
"ჩემი გუნდი სოლიდარულად დგას ამერიკელი და მოკავშირე ქვეყნების ვეტერანებთან. ჩვენ ვაფასებთ თქვენს თავდადებას... ჩვენი ვეტერანები ჩვენი ერის ხერხემალია - მათ ფრონტის ხაზზე დაიცვეს ჩვენი ძვირფასი ღირებულებები... ღმერთმა დალოცოს ჩვენი ვეტერანები! ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!"- თქვა "ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა დავით ხორგუაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.
ვეტერანთა პატივსაცემად გამართულ საღამოზე შესრულდა ამერიკის, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები. სტუმრებს ორგანიზატორებმა ქართული კერძებით უმასპინძლეს. "დიდი მადლობა საღამოს ორგანიზებისთვის. შეჯიბრებების პარალელურად ასეთი ტიპის მასპინძლობა სამხედროებს შორის კონტაქტებს აღრმავებს და ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაკავშირებს",- თქვა პოლკოვნიკმა ილაი მიტჩელმა.
ლას-ვეგასში ვეტერანთა პატივსაცემად გამართულ მიღებას ესწრებოდა, ლევან ყულიჯანაშვილიც, კალიფორნაში საქართველოს კონსული, რომელმაც დავით ხორგუაშვილს სიგელი გადასცა, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების პოლკოვნიკს კი ქართული ხმალია აჩუქა.
ამერიკის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების ერთობლივი თამაშები 16 მარტს დასრულდება. ზაფხულში კი ფლორიდაში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მებრძოლთა თამაშები გაიმართება. ვანკუვერი კი "ინვიქტუს თამაშებს" უმასპინძლებს. "ინვიქტუს" ლათინური სიტყვაა და დაუმარცხებელს ნიშნავს.