ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგაზეთო საქმის მომავალი ამერიკაში


საგაზეთო საქმის მომავალი ამერიკაში
საგაზეთო საქმის მომავალი ამერიკაში

მაშინ, როცა პრესა გუანტანამოს შესახებ „ვიკილიკსის“ დოკუმენტების გამოქვეყნებას გეგმავდა, ინტერნეტზე იგივე მასალა უკვე დიდი ხნის ატვირთული იყო.

ენდრიუ როსი, დოკუმენტური ფილმის - „გვერდი პირველი: ერთი წელი „ნიუ იორკ თაიმსში“ - ავტორი, თანამედროვე მედიის პრობლემებზე გვესაუბრება და გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ მედიამ შესაძლოა ყველაზე ცნობილი გაზეთებიც კი ჩაყლაპოს. მათ შორის იქნება ტრადიციული საგამომძიებო ჟურნალისტიკის პოპულარული ჟანრიც, რომელსაც „ნიუ იორკ თაიმსი“ ხშირად აქვეყნებს.

რეჟისორი ფილმში ინტერნეტ ჟურნალისტიკის ხარისხის პრობლემასაც უსვამს ხაზს.

„ინფორმაციის დემოკრატიზაცია და ხელმისაწვდომობა მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეა. მაგრამ იმ პროცესზეც უნდა დავფიქრდეთ, რასაც რედაქტორის და მწერლის თანამშრომლობა, ინფორმაციის შემოწმება და გასწორება, მასალის სიზუსტე ჰქვია. ბლოგების სამფლობელოში ამას ყოველთვის ვერ ნახავთ“ - ამბობს ის.

როსის თქმით, ახალი ამბების ინტერნეტზე გამოქვეყნებამ მთელ მსოფლიოში გაზეთების დახურვა გამოიწვია. მათ შორის გამონაკლისი არც „ნიუ იორკ თაიმსისნაირი“ ავტორიტეტული გამოცემა იქნება. გაზეთის მოგება დღითიდღე იკლებს. ჟურნალისტებს სამსახურიდან ითხოვენ. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში შინაარსს აზარალებს.

ემი ეისმანი, ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

„შეხედეთ, რა მოხდა იაპონიაში. და საერთოდ, ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამყარომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, გეოფიზიკური და ეკონომიკური ცვლილებები განიცადა. მათ გაშუქებას თუ თვალს ადევნებდით, შეატყობდით, რომ ინფორმაციის უამრავი ახალი წყარო გაჩნდა. ზოგიერთი მათგანის შესახებ აქამდე საერთოდ არაფერი გვსმენია“.

ქალბატონ ეისმანს მიაჩნია, რომ გაზეთს რაც არ უნდა დაემართოს, კარგი რეპორტაჟი მაინც იარსებებს. უბრალოდ შეიძლება ისე მოხდეს, რომ უფრო მეტი თავისუფალი, უშტატო ჟურნალისტი გვყავდეს. ისინი თვითონ წავლენ ერაყში და შემდეგ მიჰყიდიან ინფორმაციას თქვენს დაწესებულებას, „ამერიკის ხმა“ იქნება ეს, „ნიუ იორკ თაიმსი“ თუ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - აღნიშნავს ის.

პოლ სპაროუ, მაუწყებლობის ვიცეპრეზიდენტი ვაშინგტონის ახალი ამბების მუზეუმში, ამბობს, რომ ტრადიციულ მედიას საკუთარი კორესპონდენტები უნდა ჰყავდეს. ოღონდ ეს რედაქციას უკვე ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ჟურნალისტს კონფლიქტურ ზონაში წასასვლელად ფული უნდა გადაუხადო. იხდი მაშინაც, როცა მას ქალაქის მერიის სხდომაზე დასასწრებად უშვებ. მედიის საშუალებებში მოგების თანდათანობით შემცირების პირობებში, ეს ყოველივე სერიოზული პრობლემა ხდება, ამბობს ის.

სპაროუს თქმით, „ნიუ იორკ თაიმსის“ მსგავსი გაზეთები ციფრულ მედიას კონკურენციას ვერც ოპერატიულობით უწევენ და ვერც ფასით: ინტერნეტ მედია ძალიან ხშირად უფასოა. ამასწინათ „ნიუ იორკ თაიმსმა“ მასალის ინტერნეტზე წაკითხისთვის მცირე საფასური დააწესა. ე.წ. „ფეივოლი“. ხელმომწერთა რაოდენობამ 100 ათასი ძლივს შეადგინა. ეს რაოდენობა ვებ-გვერდის შენახვას ბოლომდე არც ჰყოფნის.

„ადრე თუ გვიან გაგიჩნდება კითხვა: არის თუ არა ეს გაზეთი იმ საფასურის შესაბამისი, რაც მე უნდა გადავიხადო? მკითხველმა იცის, რომ „ნიუ იორკ თაიმსის“ შემთხვევაში ინფორმაცია გადამოწმებულია და მასზე დაყრდნობა შეიძლება. ასე რომ მომხმარებელში ერთგვარი ცვლილება მოხდება. ის სანდო წყაროს ძებნას დაიწყებს და მხოლოდ უფასო ინფორმაციას აღარ დახარბდება“. აღნიშნავს ბატონი სპაროუ.

იმედია ახალი ამბების მუზეუმის მაუწყებლობის ვიცეპრეზიდენტის პროგნოზი გამართლდება და ტრადიციული გაზეთები გარკვეული სახით მაინც არსებობას გააგრძელებენ, თუნდაც - ინტერნეტზე. ვნახოთ. მომავალი გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG