ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" ნინო ბურჯანაძის წერილი დაიბეჭდა



დღეს, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” ღია წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკრერმა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ. მისი ღია წერილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იმავე გაზეთში რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილ წერილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ერთი წლის წინ რუსეთთან მომხდარი ომის შემდეგ გამოსწორებულ მდგომარეობასა და მიღწევებზე აკეთებს აქცენტს.

ქალბატონი ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თავის წერილში წერს ერთს და ქვეყანაში კი რეალურად საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს.

ნინო ბურჯანაძე შენიშნავს, რომ შესაძლოა სულაც იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი წერილს წერდა “ვაშინგტონ პოსტისთვის”, მისი ფორმიანი წარმომადგენლები იტაცებდნენ და აკავებდნენ მისი პარტიის მხარდამჭერებს, არაადამიანურად ცემდნენ, ელექტრო შოკისა და ხელკეტების

გამოყენებით აწამებდნენ და პლასტიკურ ტყვიებს ესროდნენ მათ.

ამ მოვლენებს, ვკითხულობთ ნინო ბურჯანაძის სტატიაში, ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ჰქონდა ადგილი.

“ასეთ შემთხვევებს სხვა დროსაც ჰქონია ადგილი,-წერს ნინო ბურჯანაძე “ვაშინგტონ პოსტის” ფურცლებზე. მასკიანი ადამიანები მომიტინგეებს თვეების მანძილზე ცემენ და ესვრიან საკუთარ სახლებსა და ქუჩაში.

ჩემ სიტყვებს თუ არ ენდობით, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუზი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია კი არ ძლიერდება არამედ უარესდება. საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილი სტაბილობა ვერ იქნება მიღწეული დემოკრატიის ხარჯზე.

საქართველოს საუკეთესო თავდაცვა -როგორც გარეშე ისე შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, ნამდვილი და არა წარმოსახვითი დემოკრატიის დამყარებაა.

XS
SM
MD
LG