ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინემატოგრაფიული სიახლეები თბილისიდან


- ქართულ კინოს უკანასკნელ დროს შედარებით მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ეს აქამდე იყო და ამას არა მხოლოდ ქართული მხარე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს. დღევანდელ გადაცემაში ქართულ კინოსთან დაკავშირებული ორი სიახლის შესახებ მოგახსენებთ, რომელიც ქართულ-რუსული პროექტია. პირველი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ძველი ქართული ფილმის, ლეგენდარული “ქეთო და კოტეს” ძველი ფირის აღდგენა. ფილმის ორიგინალის და აღდგენილი კადრების შედარება უკვე შესაძლებელია, ახალი აღმოჩენაა ფილმის ორი, ანუ რუსული და ქართული ვერსიაა. პროექტის ხელმძღვანელი არჩილ გელოვანი ამ ფაქტს სტალინსაც უკავშირებს. არჩილ გელოვანი – ტაბლიაშვილი იღებდა კინოს ორი დუბლით, ერთი ქართულად, მეორე რუსულად. როგორც ამბობენ ეს მხოლოდ სტალინის დავკვეთით შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო. - ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ფილმის ფინალშია. ეს არის, მაშინ ახლად შექმნილი, სუხიშვილების ანსაბლის ცეკვა და მათგან ილიკო სუხიშვილის ცნობილი გასმა. ნინო სუხიშვილი აღნიშნავს. ნინო სუხიშვილი – მაშინ არ იყო ის ტექნიკა, როგორიც დღეს არის, კომპიუტერით ვერ ააჩქარებდი ცეკვას. ფილმში ილიკოს გასმა საოცარი სისწრაფით კეთდება და ყველას ეგონა, რომ ეს ხელოვნურად იყო აჩქარებული კადრი. არადა ეს მისი კლასიკური გასმაა. - ფილმი “ქეთო და კოტე” უკვე 60 წლისაა, სწორედ პირველი ქართული მიუზიკლი გახდა მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის თემაც. რეჟისორი გადამღებ ჯგუფთან ერთად უკვე გადასაღებ ადგილებს არჩევს. ფილმი ფილმზე სავარაუდოდ რესტავრირებულ “ქეთო და კოტესთან” ერთად გამოვა. მერაბ კოკოჩაშვილი პირველი ქართული მიუზიკლის შესახებ მოგვახსენებს. მერაბ კოკოჩაშვილი – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, “ქეთო და კოტე” კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში. ამის შესახებ ურიცხვი რაოდენობის პრესა არსებობს, რომელიც ამას ადასტურებს. - ასე რომ, მცირეოდენ ხანში განახლებული, მაღალი ხარისხის “ქეთო და კოტე” და მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი ფილმის შესახებ ერთად გამოვა ეკრანებზე. მანამდე კი, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გამოფენას ეხება მოსკოვში. მოსკოვის გალერეა “ჩვენი კინოს სახლში” იოსელიანის გამოფენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გალერეაში წარმოდგენილია ფილმების გადაღებების დროს დაფიქსირებული კადრები, რომელიც შექმნილია კინოს კლასიკოსების და მისი მეგობრების მიერ. ამასთან ერთად აჩვენებენ ინტერვიუებს და კადრებს მისი ცნობილი ფილმებიდან. მათ შორის ექსპოზიციაში შესულია რეჟისორის ძველ ფილმებში მონაწილე ადამიანების ფოტოები ქართული კოსტიუმებით. როგორც ცნობილია, ნაციონალური ხასიათი რეჟისორის შემოქმედებაში ყოველთვის მთავარ თემას წარმოადგენდა. ამასთან იოსელიანი ყოველთვის ყურადღებიანია თითოეულ დეტალთან, რომლის უტყუარი მაგალითი მისი ფილმების კადრებია. "მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შემოქმედება, რომელიც დიდი შრომის შედეგია ყოველთვის საინტერესოა". უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსკოვში რეჟისორის ვიზიტის ერთადერთი მიზეზი, მხოლოდ მისი გამოფენა არ არის. მაღაზია "ბიბლიო-გლობუსში” წამყვანი რეჟისორი თაყვანისმცემლებსაც შეხვდა. შეხვედრის მიზეზი კი მისი ფილმების სრული კოლექციის ვიდეო დისკებზე გამოსვლა იყო, რომლებიც 19 დისკზე ჩაიწერა. ეს უნიკალური საჩუქარი კომპანია "სინემა-პრესტიჟს” ეკუთვნის. "ბიბლიო-გლობუსის” საპრეზენტაციო დარბაზი მთლიანად სავსე იყო რეჟისორის ფილმების თაყვანისმცემლებით. ამასთან აღსანიშანვია ისიც, რომ საზოგადოების უმრავლესობას არა ხელოვნებათმცოდნეები და კინოთმცოდნეები წარმოადგენდნენ, არამედ ახალგაზრდა თაობა. პრეზენტაციის შემდეგ ისინი აქტიურად ყიდულობდნენ დისკებს და ითხოვდნენ რეჟისორისგან ავტოგრაფებს. ოთარ იოსელიანის შემოქმედება სრული სახით პირველად გამოვიდა, რომლებშიც შესულია რეჟისორის ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმი. აგრეთვე დოკუმენტური და სტუდენტობის დროინდელი სურათები. მათ შორის ფილმები "აპრილი” და "ფუნჯი”, რომლებიც აქამდე არავის არ უნახავს. ამასთან შესულია ფილმები და ინტერვიუები ოთარ იოსელიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ოთარ იოსელიანი ამ კოლექციის შექმნაზე პირადად მუშაობდა და ყველა ფილმი მისივე ხმით არის გახმოვანებული.
XS
SM
MD
LG