დღევანდელი დღე, 31 მარტი საქართველოს ისტორიაში იმით არის ღირშესანიშნავი, რომ დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ასევე დღეს 17 წელი შესრულდა რეფერენდუმიდან, რომლის საფუძველზე ქვეყანამ დაიწყო რთული სვლა დამოუკიდებლობისკენ.. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშთი ჩეჩნეთიდან თბილისში მხოლოდ გასული წლის 28 მარტს გადმოასვენეს. 1 აპრილს ზვიად გამსახურდია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალა. ზვიად გამსახურდიას მოსახსენიებელი პანაშვიდი მხარდამჭერებმა ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხადეს..
17 წლის წინანდელ მოვლენებზე ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის თანათავმჯდომარე გიორგი ჟორჟოლიანი გვესაუბრება, ბ-ნი გიორგი 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოს ტელევიზიის 1 არხის ქუთაისის ბიოროს ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, ქუთაისელი მფრინავის ბ.მხეიძის დახმარებით , რომელმაც თავად დაიკავა პილოტის ადგილი ვერტმფრენში მათ 31 მარტს მთელი დასავლეთ საქართველო შემოიარეს , დააფიქსირეს ისტორიისთვის, როგორ მისცა ხალხმა გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში, იმერეთში, სვანეთში ხმა რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას. და ის, რომ დღეს ქვეყანა ნატოს კარზეა მიმდგარი, გ.ჟორჟოლიანის თქმით , ამის დასაწყისი სწორედ 31 მარტის ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.