ერაყის ხელისუფლების განცხადებით დიუალას პროვინციაში კამიკაძე ქალმა თავი აიფეთქა ერთ-ერთი კლანის ლიდერის სახლთან.
პოლიციის განცხადებით შეიხ ღადბან ალ-ქარხი, მისი ორი პირადი მცველი და ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტერორისტმა სახლიდან გამოსვლისას ააფეთქა. ეს ტერაქტი ქალაქ ქანაანში მოხდა, რომელიც ამ პროვინციის დედაქალაქ ბაქუბას მახლობლად მდებარეობს.
ამ ბოლო დროს ალ-ყაიდა სულ უფრო ხშირად იყენებს ქალებს თავის ტერორისტულ საქმიანობაში.
ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ რომ ერაყში ტერაქტების გახშირების მიუხედავად ძალადობის ესკალაციის ახალი ტალღა არ არის მოსალოდნელი.
ერაყში ამერიკელი სამხედროების წარმომადგენელის კონტრ-ადმირალის გრეგორი სმიტის განცხადებით ამჟამინდელი მოვლენები ერთი წლის წინანდელ სიტუაციას უნდა შევადაროთ.
შარშან ივნისში ერაყში დამატებით 30 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შემდეგ მკვეთრად იკლო ტერაქტების რაოდენობამ.