ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა


16 იანვარს თბილისში გარდაიცვალა მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონი. გიორგი ბაგრატიონს ხშირად ესპანური სახელით “ხორხეთი” მოიხსენიებდნენ. გიორგი ბაგრატიონი სამეფო გვარის მუხრანელთა შტოს წარმომადგენელი იყო. მუხრანელთა შტო ბაგრატიონთა უფროს შტოს წარმოადგენს, თუმცა ქართლ-კახეთის ბოლო მეფეები ბაგრატიონთა უმცროსი კახეთის შტოს წარმომადგენლები იყვნენ.

ქართლის ტახტზე მუხრანის პირველი შტოს წარმომადგენელი ვახტანგ V იყო. ვახტანგVI რუსეთში გადასახლებისა და კახეთის ბაგრატიონების მიერ ქართლის ტახტის ხელში ჩაგდების შემდეგ, გვარის უფროსობას ვახტანგ V შთამომავლები აგრძელებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამ შტოს უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენლის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა გვარის უფროსობა მუხრანის მეორე შტოს წარმომადგენელზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე გადავიდა. მან 1903 წელს აგრეთვე ტახტის მემკვიდრის ტიტულიც მიიღო. ალექსანდრე ირაკლის ძე ცნობილი ქართველი მხედართმთავრის იოანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონისა და ერეკლე II ქალიშვილის ქეთევანის შვილთაშვილი გახლდათ. ბოლშევიკების მიერ 1918 წელს დახვრეტილი ალექსანდრე ირაკლის ძის ვაჟიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე ევროპაში გადაიხვეწა. აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე, პოლონელი არისტოკრატის ზლოტნიცკის ქალიშვილი ელენეც დედის, ერისთავის ქალის მხრიდან ერეკლე II შთამომავალი იყო. გიორგი ალექსანდრეს ძე ტახტის მემკვიდრის ტიტულს 1918 წლიდან გარდაცვალებამდე 1957 წლამდე ატარებდა. გიორგი ალექსანდრეს ძე ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ტრადიციონალისტთა მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო. მისმა ვაჟიშვილმა ირაკლიმ მეორე ქორწინებით იტალიელი გრაფის ქალიშვილზე მარია ანტუანეტა პასკუინიზე იქორწინა. გიორგი ირაკლის ძე დაიბადა რომში 1944 წელს. დედა მის მშობიარობას გადაჰყვა.

1946 წელს მესამე ქორწინებით ირაკლი გიორგის ძემ ესპანეთის სამეფო სახლის ინფანტაზე მარია მერსედეს დე ბავიერ ი ბურბონზე იქორწინა. ამ ქორწინებისგან მას ეყოლა კიდევ ორი შვილი, ბაგრატი და მარიამი. ირაკლი გიორგის ძის და ლეონიდა ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრეს ვლადიმირ კირილეს ძეს. ამ ფაქტმა დააჩქარა ის, რომ რუსეთის ტახტმა დე იურე აღიარა მუხრანის ბაგრატიონთა უფლებები საქართველოს ტახტზე. ამრიგად მუხრანბატონთა უფლება არ მხოლოდ გვარში უფროსობით გახდა განპირობეული, არამედ საერთაშორისო ლეგიტიმიური კანონმდებლობითაც. ირაკლი ბაგრატიონი ყველა საერთაშორისო მონარქისტული ორგანიზაციის მიერ იქნა ცნობილი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ.

1977 წელს მამის ირაკლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ტახტის მემკვიდრედ გიორგი ირაკლის ძე გამოცხადდა. მან 1968 წელს იქორწინა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ი პონსე დე ლეონზე. ამ ქორწინების შედეგად გიორგი ირაკლის ძეს სამი შვილი, მარია ანტუანეტი, ირაკლი და დავითი ეყოლა. გიორგი ბაგრატიონს მეორე ქორწინებიდან ნურია ლოპესთან ეყოლა კიდევ ერთი შვილი გურამი.

გიორგი ირაკლის ძე გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ავტომოტო სპორტით იყო გატაცებული. ფორმულა ორის ტიპის ავტომობილით იგი ორჯერ 1979 და 81 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. გიორგი ბაგრატიონი პირველად საქართველოს 1995 წელს ეწვია, მამის ირაკლის ნეშტის საქართველოს მიწისთვის მისაბარებლად. მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 16 იანვარს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 20 იანვარს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიაბარეს მიწას. საქართველოს ტახტის მემკვიდრის ტიტული მის უფროს ვაჟიშვილზე ირაკლიზე გადადის.

XS
SM
MD
LG