ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს 3000 უცხოელი დააკვირდება


ხვალ საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დღევანდელი დღე ყველა პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ დატვირთული იყო შეხვედრებით საერთაშორისო დამკვირვებლებთან, მედიის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ყველა რეგიონი შემოიარეს, რა შთაბეჭდილება მოახდინეს მათ რეგიონის მცხოვრებლებზე, ამას უკვე ხვალინდელი დღე გვიჩვენებს ყველას. დღეს იყო ბოლო დღე 12 საათამდე როცა ოპოზიციას შეეძლო შეთანხმება ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე, მაგრამ ეს არ მოხდა.

ცსკომ დღეს თავისი მუშაობიშ შედეგი შეაჯამა : გავაკეთეთ ბევრი რამ, რათა გაქარწლდეს ნებისმიერი ეჭვი მომავალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. ხვალინდელ არჩევნებს 3 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი გააშუქებს, ეს არის რეკორდული ციფრი საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორიაში ! - აცხადებს ცსკო.

5 იანვრის არჩევნებს დააკვირდება ასევე საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომლის დელეგაციას კანადის ყოფილი პრემიერი კიმ კემპბელი ხელმძღვანელობს . 24-წევრიან სადამკვირებლო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები არჩევნების სფეროში.. დელეგაციის მიზანია - საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს, მუშაობს მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მთავრობის ანგარიშვალდებულებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში... საერთაშორისო დამკვირვებლები დღეს თბილისი-მარიოტში პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდებოდნენ. თბილისი-მარიოტში მიხეილ სააკაშვილიც მივიდა, ერთადერთი, ვინც ამ შეხვედრებში არ მონაწილეობდა, იყო ბადრი პატარკაციშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა დამკვირვებლებს თავიანთი შენიშვნები მოახსენეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავი შეიკავა. ლევან გაჩეჩილაძემ წინასაარცევნო პერიოდი უარყოფითად შეაფასა, მათ წინააღმდეგ შავ პიარზე ისაუბრა, გია მაისაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიას სამარცხვინო უწოდა, ირინა სარიშვილმა იმ მექანიზმებზე ილაპარაკა, რომლებსაც ხელისუფლება სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენებს. აქვს თუ არა შენიშვნები მიხეილ სააკაშვილის საარცევნო შტაბს ? - ამ კითხვით მ.სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერს , სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძეს მივმართე , რომელიც პასუხობს, რომ ყველა შენიშვნა შტაბმა ცსკოს გადაუგზავნა და არ გამოიყენა ეს გარემოება არჩევნების დისკრედიტაციისთვის.

ხვალინდელ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევენბს მეტად მნიშვნელოვანი უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების თაძარში სამშვიდობო პარაკლისის დაწყებამდე. რიარქი შეფასებით ქართველი ერი ახლა რთულ პერიოდში იმყოფება, რადგან მის წინაშე მრავალი განსაცდელია. ილია მეორემ მრევლს, საზოგადოებას ღვთისმოსავი, კულტურული და სულიერი ფასეულობების დამცავი პრეზიდენტის არჩევისკენ მოუწოდა. უწმინდესის შეფასებით გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

XS
SM
MD
LG