ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“საქართველოს მომავალი სულ უფრო ემსგავსება მის წარსულს” - ნიუ იორკ თაიმსი


“საქართველოს მომავალი სულ უფრო ემსგავსება მის წარსულს” - ასე ეწოდება გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტის ქლიფორდ ლევის სტატიას, რომელიც ამ გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდებს ლევის სტატიიდან.

ავტორი სტატიას იწყებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკლე ბიოგრაფიით. საუბრობს იმაზე თუ რა დიდი პოპულარობით სარგებლობდა იგი ვარდების რევოლუციის დროს და როგორ შეიცვალა ეს შეხედულება მასზე,მას შემდეგ რაც თბილისში დარბეულ იქნა ოპოზიციის დემონსტრაცია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჩაახშეს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებები. ავტორი კერძოდ წერს:


-“ბოლო დროს სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ადარებენ. ის რომ საქართველოს მთავრობამ ოთხშაბათს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ხვალ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ამით შესძლებს მის რეპუტაციაზე გაჩენილი ლაქის მოწმენდას. მე ვესაუბრე ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში ამერიკელ იურისტს სკოტ ჰორტონს, რომელიც 90-იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში სააკაშვილის ლექტორი იყო და მოგვიანებით ნიუ-იორკში ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მიხეილ სააკაშვილი თავისთან აიყვანა.აი რა თქვა მან:

-”ჩემის აზრით მიშას აქვს მიდრეკილება ავტორიტარიზმისაკენ, უფრო მეტიც მე ვიტყოდი, რომ დიდი მსგავსება არსებობს მიშასა და პუტინს შორის იმაში თუ როგორ უდგებიან ისინი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის პრეროგატივებს. “ - წერს სტატიაში კლიფორდ ლევი და აგრძელებს - “აშშ-ის სახ-დეპის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, რომელიც თბილისში ჩაფრინდა, რათა დაერწმუნებინა სააკაშვილი გაეუქმებინა საგანგებო მდგომარეობა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას სავსებით ესმის სააკაშვილის მდგომარეობისა, რომელსაც დიდი ზეწოლის გადატანა მოუხდა, თუმცა მან იქვე დასძინა , რომ მეორეს მხრივ ოპოზიციური ტელესადგურის დახურვამ ვაშინგტონში შოკი გამოიწვა. სააკაშვილის თანაშემწეები აცხადებენ, რომ დასავლეთისაგან განსხვავებით საქართველოს პოლიტიკური რეალობა ბევრად უფრო რთულია “ადვილია მოვლენების სტერეოტიპულად აღქმა, პრეზიდენტს არ მოეწონა დემონსტრაცია, დაარბია იგი და დახურა ის ტელესადგურები, რომლებიც თვალში არ მუვიდა. ამით დაესვა წერტილი დემოკრატიას. ეს ძალზე მარტივი სქემაა, რომელიც სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს”- თქვა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეცდომაში შეიყვანა, როგორც ქართველები, ისევე დასავლეთი და მათ თავი დემოკრატად მოაჩვენა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ასე აღიქვავს მთავრობის პოზიციას :”ჩვენ ვართ უმრავლესობა და აქედან გამომდინარე ჩვენ უკეთ ვიცით თუ რომელი გადაწყვეტილებაა კარგი და სულაც არ გვჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღების გამართლება. ჩემის აზრით ეს ნამდვილი ბოლშევიკური მიდგომაა. ამით მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბოლშევიკურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ მიდგომა ბოლშევიკურია და არა დემოკრატიული.” ბატონ ბოკერიას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ამგვარი აღქმა აბსურდულია. მისი თქმით “შორიდან მთელი ამ პროპაგანდისტული მანქანების ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედების ფონზე, ყველაფერი ეს რა საკვირველია ცუდად გამოიყურება. საჭიროა დრო, რათა გაირკვეს მომხდარის დინამიკა. მიუხედავად ამისა მე შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც ისეთი დემოკრატია, როგორიც იგი ადრე იყო”. - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ასე ამთავრებს მის სტატიას”საქართველოს მომავალი სულ უფრო ემსგავსება მის წარსულს” ჟურნალისტი კლიფორდ ლევი გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის დღევანდელ ნომერში.

XS
SM
MD
LG