ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჟურნალისტების სიცოცხლეს სულ უფრო მზარდი საფრთხე ემუქრება.


ყირგიზეთში, საკუთარი ოფისის წინ ოცდაექვსი წლის ჟურნალისტის ალიშერ საიპოვის მკვლელობა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება პოსტ საბჭოურ სივრცეში: „ალიშერ საიპოვი ყირგიზეთში მცხოვრები ეთნიკური უზბეკი იყო. იგი ძალზე დელიკატური პოლიტიკური საკითხების გაშუქებით იყო დაკავებული. იგი მძაფრად აკრიტიკებდა უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს, რომელიც მომავალი დეკემბერის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი გამარჯვებისთვის ემზადება. როგორც მის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე საიპოვმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, იგი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. თუმცა ყირგიზეთიდან ხშირად მოდიოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევისა და პატიმრების წამების შესახებ: „თავისუფლებას საზღვრები არ აქვს. უზბეკეთის მთავრობა, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დახმარებით უცხოეთიდან ინფორმაციის შეღწევის შეზღუდვას ცდილობს. მაგრამ მიუხედავად ამისა უზბეკეთში მრავალი რადიკალური თუ ლიბერალური იდეა ახერხებს შეღწევას. განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს ალიშერ საიპოვმა. მოკლული საიპოვის მეგობარი, უზბეკი ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი შაჰიდა ტულაგონოვა ახლა ლონდონში მოღვაწეობს. იგი გვეუბნება, რომ იგი ალიშერს და მის კოლეგებს ქალაქ ოშში მედიის ცენტრის შექმნასა და უზბეკურ ენაზე რადიო პროგრამის გახსნას სთავაზობდა: „ალიშერს ანგარიშსწორებით მანამდეც ემუქრებოდნენ. წლინახევრის წინ იგი სცემეს კიდეც. ხოლო მის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე სიტუაცია ძალზე გართულდა. ჩვენ ოფისის ადგილბდებარეობის შეცვლასა და უშიშროების გაძლიერებას ვგეგმავდით”. ამბობს შაჰიდა ტულაგონოვა. თუმცა ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და კავკასიაშიც აღინიშნება. ქართველი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის ქვრივი უკრაინელი ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე ქმრის მკვლელობის შემდეგ, 2001 წელს ორ ქალიშვილთან ერთად შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. მან აქ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მიროსლავა ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის მოკვლის განკარგულება თავად უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გასცა: „ახლა ჩვენ ვფლობთ განსაზღვრულ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში. სამმა მილიციელმა ჩემი მეუღლე ტყეში წაიყვანა და იქ გამოასალმა სიცოცხლეს. მას შემდეგ მე აქ შეერთებულ შტატებში ვიმყოფები და ვცდილობ მსგავსი დანაშაულების სხვა მსხვერპლთ აღმოვუჩინო დახმარება”. ამბობს მიროსლავა ღონღაძე. იგი აგრძელებს, რომ ბევრ ჟურნალისტს ეშინოდა საგამოძიებო ტიპის ჟურნალისტური სამუშაოს ჩატარებისა, მაგრამ მისი მეუღლე ძალზე გულადი იყო. მას შემდეგ, რაც გიორგიმ უკრაინაში სამსახური დაკარგა მან ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო საკუთარი სტატიების პუბლიკაცია, რომლებიც ძირითადად კორუფციას ეხებოდა. მიროსლავა ამბობს, რომ იმ დროისათვის საქართველოს მედია ყველაზე განვითარებული და თავისუფალი იყო საბჭოთა ქვეყნებს შორის. სწორედ ამის გამოა კიდევ უფრო საგანგაშო პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება მედიის ფუნქციონირების დროებით აკრძალვის შესახებ: „პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიღებული მედიის ფუნქციონირების შეწყვეტის გადაწყვეტილება, ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეში. მრავალი ჩვენთაგანისთვის ქართული მედია სამაგალითო იყო”. ამბობს ქალბატონი ღონღაძე. იგი აგრძელებს, რომ რუსეთსა და შუა აზიაში, მითუმეტეს კი უზბეკეთსა და თურქმენეთში ჟურნალისტიკა საკმაოდ სახიფათო პროფესიას წარმოადგენს. „თუ თქვენ ისე მუშაობთ, როგორც მაგალითად ანა პოლიტკოვსკაია და ანდრეი ბაბიცკი რუსეთში, ელმარ ჰუსეინოვი აზერბაიჯანში და ალიშერ საიპოვი ყირგიზეთში, უნდა მოელოდეთ, რომ თქვენი თავიც განსაზღვრულ თანხად იქნება შეფასებული”. ამბობს მიროსლავა. ნიუ იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, წელს მსოფიიოში ორმოცდათვრამეტი ჟურნალისტი მოკლეს. რუსეთი ყველაზე სახიფათო ქვეყანადაა შეფასებული ჟურნალისტებისათვის. თუმცა დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც ჟურნალისტების სიცოცხლეს სულ უფრო მზარდი საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG