ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროგრესი ექვმსხრივ მოლაპარაკებებში


გრძელდება მოლაპარაკებები კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული პროგრამების შესაჩერებლად. აშშ, სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს, იაპონიას და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხზე 2003 წლის შემდეგ მიმდინარეობს. პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხში წინსვლა შეინიშნება და რომ გაცილებით ეფექტურია როცა ფხენიანს 5 სახელმწიფო და არა ერთი არწმუნებს პრობლემის არსებობაში. პრეზიდენტის განცხადებით, ფხენიანი, ჩანს, რომ მართლაც ფიქრობს ბირთვული პროგრამების შეჩერებას, რაც მშვიდობის მისაღწევად სასარგებლო იქნება. მაშინ, კი როცა ჩრდილოეთ კორეა ამ ნაბიჯების გადადგმას შეუდგება, მას ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. 2005 წლის სექტემბერში ერთობლივ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეამ პირობა დასდო, რომ უარს იტყოდა ბირთვულ პროგრამებისა და იარაღის შემუშავებაზე. ივლისში ფხენიანმა შეაჩერა იონგბიონისა და ტაეხონის ბირთვული ობიექტები. 2005 წლის სექტემბრის შეთანხმების მომდევნო ეტაპების გასატარებლად, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ამჯერად უნდა განაცხადოს ყველა ბირთვული პროგრამის შესახებ და შეაჩეროს მათი მუშაობა. ქრისტოფერ ჰილი, რომელიც ამერიკას წარმოადგენს ექვსმხრივ მოლაპარაკებებში, ჟენევაში გამართული ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე გამოხატა თანხმობა სრული დეკლარირება გაუკეთოს ყველა კუთვნილ ბირთვულ პროგრამას და შეაჩეროს მათი მოწმედება 2007 წლის ბოლომდე. ექვსმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, აშშ-მ და ჩრდილოეთ კორეამ ასევე დაიწყეს ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა პრობლემების მოგვარება და სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ზრუნვა. კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის წევრები იაპონიიდან და ჩრდილოეთ კორეიდან ისეთი საკითხების მოგვარებაზე თანამშრომლობენ, როგორიცაა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია და იაპონელი მოქალაქეების გატაცება ჩრდილოეთ კორეის მიერ. აშშ-მ არაერთხელ მოუწოდა ფხენიანს ურთიერთობები გააუმჯობესოს იაპონიასთან და იმავდროულად, ტოკიოს კითხვებს გასცეს პასუხი ამ საკითხზე. როგორც აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იაპონიის ტელევიზიასთან აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ადამიანების გატაცების საკითხი მნიშვნელოვანია. “რა თქმა უნდა, იაპონელები შიშობენ, რომ ბირთვული საკითხის მოგვარების შემდეგ ამერიკასთან, ვაშიგტონს გადაავიწყდება გატაცების საკითხი. ამერიკა კი დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს ასე არ მოხდება,” ამტკიცებს პრეზიდენტი ბუში. ექვსმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სექტემბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG