შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 6 მოქალაქე დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის იყო ოთხი პოლიციელი.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქებისთვის პასუხისმგებელია თამილელი ვეფხვების სახელით ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება. 2005 წლის შემდეგ, თამილელ მეამბოხეებთან მიმდინარე კონფლიქტს 4 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად 2002 წელს ნორვეგიის მთავრობის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, დაპირისპირებას კვლავ აქვს ადგილი მთავრობის ძალებსა და თამილელ მეამბოხეებს შორის.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ასისტენტი თომ ქეისი აცხადებს:
“შრი ლანკაში მიმდინარე კონფლიქტი სამწუხარო ფაქტია. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს მხარეებს რომ მათ პოლიტიკური გზებით დაარეგულირონ კონფლიქტი. შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობს რომ შრი ლანკელი ხალხი მშვიდობიან არსებობას იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში და არა ისეთ ცხოვრებას, რომლის მომსწრეებიც ახლა ვართ”.
ბატონი ქეისი აცხადებს, რომ შრი ლანკის მთავრობამ და თამილელმა მეამბოხეებმა კონფლიქტი მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით უნდა მოაგვარონ. მისი განცხადებით:
“აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს შრი ლანკის მთავრობასთან მუშაობას, ისევე როგორც ნორვეგიელებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება რეალური გახდეს. მხარეებს შრი ლანკის მოსახლეობის წინაშე ეკისრებათ პასუხისმგებლობა რათა შეიარაღებული დაპირისპირება დამთავრდეს.”
აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი შრი ლანკის ეკონომიკასაც ვნებს. ერთერთი შრი ლანკელი გიდი-შეინ იდამალგოდა ამბობს, რომ თამილელების ამბოხების ფონზე ტურიზმი ქვეყანაში საგრძნობლად დაეცა. “ჩვენ ევროპულ და ინდურ ბაზრებზე ვართ დამოკიდებული,” ამბობს იგი. “თუკი დაპირისპირება გაგრძელდება, მაშინ ტურისტები საერთოდ შეწყვეტენ ჩვენთან მოგზაურობას”, ამბობს შრი ლანკელი გიდი.
აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რიჩარდ ბაუჩერი ამბობს, რომ ამერიკა შრი ლანკის ხელისუფლებას მეამბოხეებთან საბრძოლველად ეხმარება. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მეტი აქტიურობისა და მოქმედების მომხრეა შრი ლანკელი ხალხისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის მისაღწევად.