რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ესპანელ კათოლიკებს ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა, რაც პირველ რიგში ოჯახის და ქორწინების სიწმინდის შენარჩუნებას გულისხმობს. რომის პაპის წირვას ვალენსიაში ასი ათასი ადამიანი დაესწრო, რომელთაც ბენედიქტე მე-16 ქორწინების საიდუმლოს შესახებ უქადაგა, რომელიც მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ურღვევ კავშირს წარმოადგენს. ამ ღთისმსახურებას დემონსტრაციულად არ დაესწრო ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის ზაპატერო, რომლის მთავრობამ ამას წინათ ჰომოსექსუალისტების ქორწინების ლეგალიზება მოახდინა ესპანეთში. რომის პაპმა თავის ქადაგებაში მკაცრად დაგმო ყალბად გაგებული პიროვნების თავისუფლების პრინციპები, რომელიც დასავლეთში დაუფარავ აღვირახსნილობაში გადაიზარდა.