ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო გეგმის შესახებ


დღეს, ჩვენს ეთერში შევეცდებით სტუმრებთან ერთად გავაშუქოთ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა და ის ეროვნული სტრატეგია, რომელზეც ამ წუთებში მუშაობს საქართველოს მთავრობა. საქართველოს პარლამენტს დოკუმენტი, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაეგზავნება. ამ თემაზე დღეს საუბრობენ ამერიკელი ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტი ჩარლზ კუპჩანი და ვაშინგტონში მონტერეის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ალექსანდრე მელიქიშვილი.

აფხაზეთის თემის გარდა, ჩვენი სტუმრები საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის და მთავრობის როლზე, ასევე საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ. აქვე გეტყვით, რომ ჩარლზ კუპჩანი, გასული წლის ბოლოს სამუშაო ვიზიტით სოხუმსა და თბილისში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან გამოაქვეყნა უკვე გახმაურებული სტატია საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდზე, ჩავარდნილ რეფორმებზე, მთავრობის პოლიტიკასა და მოსახლეობაში ავტორის თვალით დანახულ განწყობაზე. ალექსანდრე მელიქიშვილმა, ამ სტატიას არანაკლებ დამაინტრიგებელი და საინტერესო სტატიით უპასუხა. დღეს ისინი ამ თემაზე ისაუბრებენ.

ჩარლზ კუპჩანი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მისეულ თვალსაზრისს გვიზიარებს:

“ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის მოგვარების რეალური შანსი საქართველოს ფედერაციის ან კონფერედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიურ ერთეულად გამოცხადების შემთხვევაში გვექნება. ეს ჩემი პირადი აზრია, და ურთიერთ დაპირისპირებული ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ორივე მხარემ ამისთვის უნდა იღვაწოს. კონფლიქტური მხარეები და ოფიციალური სტრუქტურები განსაკუთრებით ამძაფრებენ სიტუაციას, მაშინ როცა ულტრანაციონალური მოწოდებებით გამოდიან. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ეს, ჩემი აზრით ზედმეტად ნაციონალური რიტორიკაა და ამის შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთმანეთის ნეგატიური იმიჯი კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საბოლოოს ჯამში კომპრომისს ართულებს- ამბობს ჩარლზ კუპჩანი და აგრძელებს, რომ ასეთი განცხადებების ნაცვლად ბაღაფშმა, სააკაშვილმა, ალასანიამ, უფრო ზომიერი გამოსვლებით უნდა მიმართონ საზოგადოებას. რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება შესაძლებელია და უნდა მოხდეს კიდეც უცხოელი სამშვიდობო ბატალიონით. ამ ფონზე, ამერიკამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა პუტინს ხაზგასმით უნდა შეახსენონ, რომ სეპარატიზმის მხარდაჭერა კი არა მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობაა საჭირო.”

აქ, ალექსანდრე მელიქიშვილი ამბობს: “უპირველეს ყოვლისა, მივესალმები ასეთი გეგმის შემუშავებას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სწორი იმიჯის მოსაპოვებლად დასავლეთში. რაც შეეხება კერძოდ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ: უპირველეს ყოვლისა ეს არის თავად კონფლიქტის რეგულირების ინტერნაციონალიზაცა, ანუ დასავლეთის უფრო აქტიური ჩარევა კონფლიქტის მოწესრიგებაში, და საერთოდ, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში. ამ მხრივ, თვითონ ფორმატი უნდა შეიცვალოს: ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთის ზეგავლენის შემცირება. ამ მხრივ, მე კიდევ ერთხელ მივესალმები ამ გეგმის შემუშავებას, რამეთუ დასავლეთის, და არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროგაერთიანების ჩარევა საერთოდ საჭიროა ამიერკავკასიის რეგიონში."

შემდეგ კუპჩანი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბუშის ადმინისტრაცია და ამერიკული პრესა ზედმეტად აქებს. თბილისი დადებით შეფასებებს რა თქმა უნდა იმსახურებს, თუმცა არა ასე გადაჭარბებით, ამბობს კუპჩანი. ამის ნაცვლად, ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას კარგი იქნება რომ შეახსენოს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების, კერძოდ-შიდა პოლიტიკური სიტუაციის მოგვარების, ოპოზიციური ძალების განვითარების, ძალაუფლებაზე კონტროლის მექანიზმების დაწესების, პრესის თავისუფლებისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის მნიშვნელობა, რამაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორივე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე კონსენსუსს უნდა შეუწყოს ხელი.

ალექსანდრე მელიქიშვილი კონფლიქტის მისეულ მოსაზრებას გაგვაცნობს და ჩარლზ კუპჩანის აღნიშნული სტატიის შესახებაც აკეთებს კომენტარს:

"სტატიის ზოგიერთი ელემენტი ნამდვილად საინტერესოა, და ნამდვილად საღი სჩანს. თუმცა, წაკითხვის შემდეგ მე ზედაპირული ანალიზის შთაბეჭდილება დამრჩა, ანუ ეს ნაშრომი ნამდვილად არ წარმოადგენს სერიოზულ ანალიტიკურ კვლევას. კუპჩანისთვის, ვთქვათ, შემაშფოთებელია ძალაუფლების კონცენტრაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, და ამით ფაქტობრივად იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალაუფლების უზურპირებას ახდენს. მე ვერ დავეთანხმები ამას, რადგან ჯერ ძალიან ნაადრევია ასეთი განცხადებების გაკეთება. ზოგი ელემენტი საღია, თუმცა ზოგადად, სტატია ტენდენციურია და პოლიტიკური მდგომარეობის ძალიან ზედაპირული ანალიზია მოცემული. რაც შეეხება აფხაზეთს, იგი საერთოად არ ახსენებს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმას, არ ახსენებს ფაქტობრივად დე ფაქტო ანექსიას რომლითაც მე ვგულისხმობ რუსეთის მოქალაქეობის გაცემას, რაც აქტიურად მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. ასე რომ ზოგადად, ვფიქრობ რომ სტატიაში ძალიან ზედაპირული ანალიზია და საკმაოდ ცოტაა საღი ელემენტი."

შეგახსენებთ, რომ თქვენ მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტ ჩარლზ კუპჩანთან და მონტერეის ინსტიტუტის მეცნიერთან ალექსანდრე მელიქიშვილთან.

დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ ორივე აღნიშნული სტატია აქ:

http://www.cdi.org/russia/johnson/2006-40-19.cfm

http://www.cfr.org/publication/9701/wilted_rose.html

XS
SM
MD
LG