ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგადასახადო კოდექსი ცვლილებებს მოითხოვს!


დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საგადასახადო კოდექსთთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაესწრო, საპარლამენტო ოპოზიციიდან – მხოლოდ “მრეწველები”. როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიციამ ერთი თვის წინ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ხაშურის მაჟორიტარ-დეპუტატს ვალერი გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა, ოპოზიცია პლენარულ სხდომებს აღარ ესწრება. მაგრამ, საგადასახადო კოდექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შემთანხმებელი ჯგუფის შექმნაზე დათანხმდა. შემთანხმებელი ჯგუფი კონსულტაციებს პარლამენტის სპიკერთან გამართავს. სწორედ ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციის შემდეგ მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ საგადასახადო კოდექსის საკითხებზე განხილვაში მონაწილეობა გადაწყვიტა – მრეწველები კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. თუ მთავრობა მრეწველების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მათივე თქმით ისინი “ახალი მემარჯვენეების” და “დემოკრატიული ფრონტის” მსგავსად კვლავ ბოიკოტს გააგრძელებენ. თუმცა, ნინო ბურჯანაძე მათ დაპირდა, რომ კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა მომავალ სასესიო კვირას გაიმართება.

სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კომიტეტის თავმჯდომარის , ირაკლი კოვზანაძის მოადგილე, ზურაბ ბუცხრიკიძე გაუძღვა, თავად ირაკლი კოვზანაძე 10 დღიანი მივლინებით შეერთებულ შტატებში იმყოფება. ზ. ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციის მოთხოვნები ისეთი იქნება, რაც საგადასახადო კოდექსს , მეწარმისა და საგადახადო სამსახურების ურთიერთობებს გააუმჯობესებს , უმრავლესობა დაეთანხმება, მაგრამ თუ მოთხოვნები ქვეყნის ინტერესებისთვის არ იქნება შესაბამისი – უარს იტყვიან.

“მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა თქვა, რომ მრეწველებს უამრავი პრეტენზია გააჩნიათ დაკავშირებით აქციზურ გადასახადტან, თამბაქოს აქციზთან, ე.წ. საწარმო დანაკარგების თემასთან, ქველმოქმედებასთან და ა.შ.

რაც მრეწველების მიერ ბოიკოტის დარღვევას ეხება – გ.ცაგარეიშვილის თქმით კარების მოჯახუნებით და გაბუტული ბავშვის პოზაში დგომით საქმეს არ ეშველება. თუ დიალოგია საჭირო, მრეწველები, მისივე თქმით ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს დაელაპარაკებიან, ოღონდ ამ ქვეყანას ეშველოს რაიმე.

XS
SM
MD
LG