“საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო” - ასე გამოეხმაურნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ამერიკის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. რას ნიშნავს ეს განცხადებები და რა და რატომ თქვა, ან არ თქვა ოფიციალურმა ვაშინგტონმა?
კონსტრუქციული, ფრთხილი გზავნილები, არასაკმარისი სიმკაცრე, თუ უბრალოდ შუალედური შეფასება - საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ყოფილი დიპლომატები და ანალიტიკოსები განსხვავებულად აფასებენ. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია დამკვირვებლების მხრიდან ასეთი შეფასებების არარსებობა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ამერიკის ოფიციალურად პოზიციად არ სახელდება.
- რა და რატომ თქვეს ვაშინგტონში?
დენ ფრიდი, ხანგრძლივი დიპლომატიური სტაჟის მქონე ყოფილი მაღალჩინოსანი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ეს „შუალედურ განცხადებად“ უნდა აღვიქვათ მანამ, სანამ ამერიკა უშუალოდ თავის პოზიციაზე ისაუბრებს:
იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა არჩევნების მოპარვის მცდელობა“,- დენ ფრიდი
„სახელმწიფო მდივნის განცხადებას მე „შუალედურ განცხადებას“ ვუწოდებდი. მას არ გამოუხატავს საბოლოო პოზიცია არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ის დაეყრდნო სხვა დამკვირვებლებს, უპირველესად ეუთო/ოდირს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს. არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი ან სამართლიანი. ენტონი ბლინკენს ეს არ გაუკეთებია, უთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არა“, - ამბობს ფრიდი და ხსნის, რომ ეს ერთგვარი კონსტრუქციული გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის. ამასთან, შესაძლებელია არასაჯარო კომუნიკაცია განსხვავებული ყოფილიყო და დიდი ალბათობით, ვაშინგტონმა მოუწოდა მთავრობას, არ გამოიყენოს ძალადობა და შევიწროება ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. სანდო ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ ოპოზიციას ერთობლივად ჰქონდა უმრავლესობა, „ოცნებას“ კი უმცირესობა. ეს შედეგები „ცესკომ“ ამოაყირავა, ისეთნაირად, რაც არ არის მაინცდამაინც სანდო. და იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა ის, რომ ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.
დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეს განცხადება არასაკმარისი სიმკაცრისთვის უკვე გააკრიტიკა "ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, მან ენტონი ბლინკენის განცხადებას სამარცხვინოც კი უწოდა. „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ დიპლომატიური უწყების ზომიერი სიფრთხილე სავსებით გასაგები პოზიციაა.
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ გარემოებებში ამერიკელ მაღალჩინოსნებს სურთ ამ სიტუაციას ძლიერი სიფრთხილით მოეკიდონ, მტკიცებულებები გააანალიზონ",- ლუკ კოფი
„ეს სიფრთხილის გზავნილი იყო. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ გარემოებებში ამერიკელ მაღალჩინოსნებს სურთ ამ სიტუაციას ძლიერი სიფრთხილით მოეკიდონ, მტკიცებულებები გააანალიზონ. შეხედონ იმ საქმეებს, რაც წარმოდგენილია იმის საჩვენებლად, რომ ეს გაყალბებული, ან მოპარული არჩევნები იყო და შესაბამისი პოლიტიკა მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშაონ”, - ამბობს ლუკ კოფი, “ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი და დასძენს, რომ ქართული ოპოზიციისთვის სამწუხაროდ, ეს სწრაფად ვერ მოხდება. ამასთან, ხსნის, რომ ვაშინგტონში ერთი მხრივ ადმინისტრაციის, მეორე მხრივ კი - პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასებების სიხისტე თუ სიმწვავე, განსხვავებული იქნება, და ეს არავის უნდა გაუკვირდეს. მით უფრო მაშინ, როდესაც მტკიცებულებების გაცნობა-დამუშავება ჯერ კიდევ გრძელდება:
“ალბათ, ქართველები დაინახავენ განსხვავებას ამერიკელი ოფიციალური პირების (აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების) და პოლიტიკოსების განცხადებებს შორის. ეს უკანასკნელნი, უფრო ხმამაღალნი, უფრო მოქნილები იქნებიან შეფასებებში, უფრო პირდაპირნი. პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უფრო ფრთხილი უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რას იტყვის, მით უფრო მაშინ, როდესაც მტკიცებულებები ჯერ კიდევ გროვდება”, - ამბობს კოფი.
თუმცა, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს უკვე საკმარისი მტკიცებულება აქვს საიმისოდ, რომ არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით ეჭვი უფრო ცხადად გამოითქვას. მათ შორისაა დელიბორ როჰაჩი, „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ მკვლევარი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ჰელსინკის კომისიის წინაშე გამოსვლისას, საქართველოში რუსული და ჩინური გავლენის საკითხზეც ისაუბრა.
ეს მიუთითებს, რომ აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე მზად იმისთვის, რაც 2020 წელს ბელარუსთან დაკავშირებით გააკეთეს",- დელიბორ როჰაჩი
„მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვარ არასაკმარისად მკაცრი რეაქციით სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც დიდად არ განსხვავდება მანამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებისგან, რომელმაც ასევე მიუთითა ეუთო/ოდირის დასკვნებზე, მაგრამ თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ არ ეღიარებინა არჩევნები. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე მზად იმისთვის, რაც 2020 წელს ბელარუსთან დაკავშირებით გააკეთეს, როცა იქ არჩევნები აშკარად გაყალბებული იყო და საბოლოოდ სანქციების დაწესებითაც დასრულდა. მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე ამ ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არ არიან“, - ამბობს როჰაჩი.
მკვლევრის თამით, ის რომ არჩევნების „გაყალბება გასულ უქმეებზე არ მომხდარა ისე, როგორც ბელარუსში 2020 წელს, არავისთვის უნდა იყოს ნუგეში“:
„ამან არ უნდა შეაფერხოს არც ევროპული ინსტიტუტები და არც ამერიკის მთავრობა, რომ თქვას ძალიან მკაფიოდ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ მისი შედეგები არ უნდა იყოს აღიარებული. და რომ შემდგომ მთავრობას არ უნდა მოეპყრან ისეთივე მოწიწებითა და პატივისცემით, როგორც დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მოეპყრობოდნენ“, - ხსნის როჰაჩი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს და ბრალდებები მცდარია. პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ქვეყნის განვითარებას დაუჭირა მხარი და ოპოზიციას უჭირს მხარდამჭერებისთვის ამ სიმართლის თქმა:
შესაძლოა ეს ზუსტად ისაა, რაც "ქართულ ოცნებას" სურს, შესაძლოა მათ ევროპისგან, ამერიკისგან, დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირება სურთ",- ლუკ კოფი
"ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის მხარდამჭერებს, რომ თითქოს, რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს იგებდა, ახლა მათ უწევთ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას, რომ სიმართლე უთხრან მხარდამჭერებს. ახალი ტყუილის საუბარი უწევთ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა", - ამბობს პრემიერი.
- წარსულის აჩრდილები - მეთოდები 90-იანების არჩევნებიდან
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი, რომელიც თბილისში 90-იანი წლების ბოლოს ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიას, ამბობს, რომ მისთვის ძალიან დასანანი იყო მმართველი გუნდის მიერ იმ მეთოდების გამოყენების ნახვა, რაც ეგონა, რომ დიდი ხანია წარსულში დარჩა.
“იმედგაცრუებული ვარ. ეს გარდამტეხი არჩევნები უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის იმ მხრივ, განაგრძობდა თავის გზას ევროკავშირისკენ თუ - არა. რაც აქამდე ვნახე: ყუთში ბიულეტენების ჩაყრის კადრები, დაშინება, ძალადობა, მუქარა - “ქართული ოცნების” კამპანიის ძირითადი ინსტრუმენტები - ეს ის ყველაფერია, რაც მე საქართველოში ბევრი წლის წინ მინახავს, როცა იქ ვიყავი. ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ ეს წარსულის მოვლენები იყო და ახლა ვნახავდით აბსოლუტურად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. როგორც ჩანს, ეს არ მოხდა”, - ამბობს ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში.
კენეტ იალოვიცი წუხს, რომ ვითარება ახლა ძალიან გაურკვეველი და ამასთან, სახიფათოა.
“საკმარისად ვერ გამოვხატავ რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი დგას ახლა საქართველოსთვის. “ქართულმა ოცნებამ” ალბათ გათვალა, რომ თუკი ამ არჩევნებზე რაღაც მეტ-ნაკლებად გონივრული თუ სამართლიანი მოხდებოდა, ყველა დაივიწყებდა იმას, თუ რას აკეთებდნენ ამ დრომდე და მათ უკან მიიღებდნენ. მაგრამ, არ მგონია ეს მოხდეს. ვფიქრობ, ევროპელები არ მიიღებენ არჩევნების ამ შედეგებს, არც შეერთებულმა შტატებმა მგონია ეს გააკეთოს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ახლა ეს მოვლენები ძალიან საეჭვო, გაურკვეველ ეტაპზეა”, - ამბობს კენეტ იალოვიცი.
- გამოძიება და გაურკვევლობის საფრთხეები
საქართველოს პროკურატურამ 29 ოქტომბერს არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მისი ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს, ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ პროკურატურა მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელ პროცესს წარმართავს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რა ტიპის გამოძიება შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში “სათანადო”. “ქართული ოცნება” საერთაშორისო გამოძიების ვერსიას გამორიცხავს და დაუშვებლად მიიჩნევს.
„რაიმე საჩივრები თუ არის, იქნება განხილული", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. "ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის. ყველა, მათ შორის უცხოელები, ამერიკის ყოფილი ელჩი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებას მიკერძოებულობას აბრალებდა, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში“, - განმარტა პარტიის პოზიცია პაპუაშვილმა.
ამერიკელი ექსპერტები კი ამბობენ, რომ დარღვევებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით მოწოდებებზე ხელისუფლების პასუხსა და რეაგირებაზე, უახლოეს მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მათ შორის ისიც, აღიარებენ თუ არა დასავლეთში ამ ოფიციალურ შედეგებს ლეგიტიმურად.
საკმარისადაც ვერ გამოვხატავ თუ რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი დგას ახლა საქართველოსთვის. ჩემთვის ახლა ეს მოვლენები ძალიან საეჭვო, გაურკვეველ ეტაპზეა",- კენეტ იალოვიცი
“ვვარაუდობ, რომ თუკი საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს იმ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, და ჩვენი ურთიერთობებიც შეიცვლება”, - ამბობს დენ ფრიდი და დასძენს, რომ ეს შესაძლოა მმართველი გუნდისთვის არც ისე არასასურველი შედეგი აღმოჩნდეს.
“შესაძლოა ეს ზუსტად ისაა, რაც "ქართულ ოცნებას" სურს, შესაძლოა მათ ევროპისგან იზოლირება სურთ, ამერიკისგან, დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირება, რადგან სურთ ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რუსეთთან კავშირი ან მისი დაქვემდებარება. შესაძლოა ესაა მათი მიზანი. სინამდვილეში, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რამე სხვა სურდეთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ გააკეთეს ევროპისკენ საქართველოს გზის საბოტაჟისთვის”, - განმარტავს დენ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი.
ლუკ კოფი კი ხსნის, რომ დასავლური მისწრაფებების გამო, საქართველოს დემოკრატიის და არჩევნების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება სჭირდება, მით უფრო მაშინ, როცა ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და მისივე პრეზიდენტი საუბრობს დარღვევების მასშტაბზე:
“საქართველოს აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივები და მას უფრო მაღალი სტანდარტი მოეთხოვება. რასაც ახლა ვხედავთ, უეჭველად ძალიან შემაშფოთებელია. ფაქტი, რომ თავად ქვეყნის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ არჩევნები მოპარული იყო, დასავლეთისთვის გამოღვიძების სიგნალი უნდა იყოს. ჯერ უნდა ვნახოთ ყველა ინფორმაცია, ყველა მონაცემი, მტკიცებულება და შემდეგ ვისაუბროთ მიდგომასა თუ პოლიტიკაზე”, - ამბობს კოფი და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპელმა პარტნიორებმა განაგრძონ ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, რომელიც უკიდურესად პროევროპულია.
აქტი, რომ თავად ქვეყნის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ არჩევნები მოპარული იყო, დასავლეთისთვის გამოღვიძების სიგნალი უნდა იყოს"- ლუკ კოფი
„არსებობს ძალადობის რისკი“, - ამბობს დენ ფრიდი. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ახლა ძალიან გაურკვეველი და სახიფათო სიტუაციაც კია შექმნილი საქართველოსთვის. ისინი შიშობენ, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და მის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოდის, ხელისუფლებამ შესაძლოა ძალა გამოიყენოს. საბოლოოდ კი, თუკი პოლიტიკური ცხოვრება ამ მოცემულობით გაგრძელდება, მთავრობამ შეიძლება შეასრულოს ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის და კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმებას აპირებს.
„არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა, რომელმაც უკვე ილაპარაკა პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაზე, მართლაც წააქეზებს ძალადობას და შემდეგ იტყვის, რომ ძალადობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. შეუძლიათ ჩაერთონ სრულად ბელარუსის, ან ვენესუელის, ან კრემლის [სტილის] რეპრესიებში. როგორი რეაქცია ექნება ამაზე ქართველ ხალხს, ვერ ვიტყვი. ეს საშიში სიტუაციაა და ვწუხვარ, რომ საქართველო ამ ეტაპამდე მივიდა“, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.
საქართველოში ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის აზრით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რა პასუხიც არ უნდა გაეცეს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანებული და შეჩერებულია, და მოქმედ ხელისუფლებას ამ ვითარების გამოსწორების რესურსი თითქმის არ აქვს.
„თუკი დასკვნა ის იქნება, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია, უსამართლო არჩევნებია, შესაძლებელია ისიც, რომ მთავრობა არ აღიარონ. თუმცა, თუნდაც აღიარონ, ევროკავშირისკენ პროგრესი კვლავ შეჩერებული დარჩება. არ მგონია, რომ ეს შეფერხება მოიხსნას - ის, რაც ევროკავშირმა გამოხატა საქართველოს შესახებ, რომ ის პრაქტიკულად აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ვფიქრობ, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში იქნება ძალიან არეული სიტუაცია. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ძალადობა არ მოხდეს”, - ამბობს ყოფილი დიპლომატი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.
საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ახლა იმ მასალებისკენაა მიპყრობილი, რაც ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა და აქტივისტებმა წარადგნიეს. “ქართული ოცნება” კრიტიკოსებს არჩევნების და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში სდებს ბრალს. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ ყველა შესაძლო დარღვევა მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული, რადგან კენჭისყრის დღე, მისი წინა და შემდგომი პერიოდი, ქვეყნის დემოკრატიულობის შესაფასებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია.