ოპოზიციური გაერთიანება "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" აცხადებს. ამის შესახებ განცხადება მათი საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ გააკეთა. მანამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, არჩევნებზე მიღებული ხმები დაიცვას.
"ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ”, - თქვა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვირას, 27 ოქტომბერს, დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, არის მრავალმხრივი, სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით მიღწეული. ამ შედეგს ის არ აღიარებს და ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მანიპულაციის დამტკიცება შეიძლება, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებაა.
27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება.
„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, არ გავატანოთ ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება“, - განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
პარტიის, "საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა და არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
გიორგი გახარიას შეფასებით, არჩევნებზე იყო სისტემური ხასიათის დარღვევები: მათ შორის, ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობებით მანიპულირება, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზეწოლა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოეპარათ არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ამ მონაცემებით, ხმები ასე ნაწილდება
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.