კორექტირების გარეშე და იმ პირობით, თუ ყველაფერი უცვლელად დარჩა, “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 89 დეპუტატი ეყოლება. “კოალიციას ცვლილებებისთვის” – 18, “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას 17, “ძლიერ საქართველოს 14, “გახარია საქართველოსთვის კი 12.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა და ახლა ხმების საბოლოო გადანაწილების საკითხს, მათ მანდატებად კონვერტირებას ითვლიან. თუმცა მანამ, სანამ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება მისი ლეგიტიმურობა უნდა დადასტურდეს და აქ მნიშვნელოვანი სიტყვა საერთაშორისო და ნაციონალური დონის დამკვირვებლებს ეთქმით. საერთაშორისო დამკვირვებლები მრავალი დარღვევის თაობაზე საუბრობენ.
მაგალითად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა განაცხადა, რომ დაძაბული და პოლარიზებული გარემო ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და აშინებდა მათ. იმ დარღვევებს შორის, რაც მათ დააფიქსირეს ფიგურირებს არათანაბარი პირობები პოლიტიკური აქტორებისთვის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. დღეს საკუთარი ანგარიში, არჩევნებზე დაკვირვებების თაობაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
NDI -ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მართალია, საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე იყო, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით, დაფიქსირდა სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთა შორისაა ამომრჩეველზე ძალადობა, დაშინება, ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები. მათივე თქმით, პრობლემური იყო წინასაარჩევნო პერიოდიც. კანონმა „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ თაობაზე, რაც სამოქალაქო სექტორს აგენტებად წარმოაჩენს, საზოგადოება დააშინა. ამან შექმნა გარემო, როდესაც მმართველი ძალის კრიტიკა არის დასჯადი. NDI აღნიშნავს იმასაც, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციის მიმართულებით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების სტიგმატიზებას ახდენს. საზოგადოებისგან გარიყულები არიან ლგბტქ თემის წარმომადგენლებიც.
NDI საუბრობს ხელისუფლებისგან კონტროლირებული მედიის ფაქტორზეც, დაუბალანსებელ გაშუქებასა და ფართომასშტაბიანი მუქარის შემთხვევებზე. მათი თქმით, ამ ფაქტორების ერთობლიობა გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ნებაზე, აშინებდა და ზეწოლას ახდენდა მათზე. IRI -ს წარმომადგენლობამ საარჩევნო შედეგების შეფასებისას ისაუბრა დამშინებლური გარემოს თაობაზე, რამაც მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე გავლენა მოახდინა და დათრგუნა. IRI -ს წარმომადგენლები არჩევნებს აკვირდებოდნენ 260 უბანზე. უშუალოდ საარჩევნო დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის ფიგურირებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აკუმულირების ფაქტები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ.
მმართველ გუნდთან დაკავშირებული პირები ართმევდნენ და აგროვებდნენ მოქალაქეების პირადობის მოწმობებს, რაც მათზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამგვარმა შემთხვევებმა, რასაც ჰქონდა ფართო ხასიათი, შექმნა გარემო, რომელმაც უზრუნველყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარება, ჩამოაყალიბა შიშის ატმოსფერო. IRI ამბობს, რომ არჩევნები ტექნიკურად გამართულად ჩატარდა და ახალმა ტექნოლოგიებმა იმუშავა, თუმცა ასევე ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას, განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევებს, მარკირების უგულებელყოფას. მისიის თქმით, 337 საჩივარია შესული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ორივე წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ საჩივრები კეთილსინდისიერად იქნება შესწავლილი და განხილული, ისევე, როგორც გამჭვირვალედ და ზუსტად მოხდება ხმების დათვლა.
საკუთარი დასკვნა და ჩატარებული არჩევნების შეფასება ეუთო/ოდირმაც წარმოადგინა. მისია ყველაზე ხანგრძლივად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. ეუთოს სპეციალური კოორდინატორი პასკალ ალიზარდი აღნიშნავს, არჩევნების დღეს ტექნიკური გამართულობისა და კარგად ადმინისტრირებას, თუმცა ამავდროულად, დაფიქსირებული დარღვევების ფართო სპექტრს წარმოადგენს. ეუთო/ოდირი, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მსგავსად საუბრობს შიშისა და ზეწოლის გარემოს თაობაზე. ამგვარ ვითარებას ქმნიდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და ერთგვარი კონტროლის ქვეშ ამომრჩევლების მოქცევა.
ეუთო ეჭვქვეშ აყენებს, ამგვარ პირობებში, როდესაც მოქალაქეების ეშინოდა, რომ მათ მომავალში სამაგიეროს გადაუხდიდნენ, რამდენად იყო შესაძლებელი ხმის მიცემა თავისუფლად. ეუთო საუბრობს კანონმდებლობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებზე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ასევე ამახვილებს ყურადღებას ფინანსური რესურსებს შორის არსებულ მნიშვნელოვან დისბალანსზე. აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო პარტია მნიშვნელოვნად დიდ უპირატესობას ფლობდა, ამ თვალსაზრისით, რასაც ამაგრებდა მედიის ინსტრუმენტალიზების ფაქტორიც. ეუთო საუბრობს ქალთა ნაკლებ ჩართულობასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე. ამ კომპონენტების ერთობლიობით კი ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენაზე. არჩევნების კიდევ ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი, ევროპის საბჭო საუბრობს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ხმების დუბლირების შემთხვევებზე. ასევე, განსხვავებულ ვითარებაზე, რაც ორგვარ სამყაროს წარმოადგენდა - ქალაქად და სოფლად, საარჩევნო უბნის გარეთ და უბნის შიგნით.
PACE -ს წარმომადგენელი, დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი აღნიშნავს, რომ ეს ხარვეზები არჩევნების შედეგების დამაჯერებლობასა და სამართლიანობას ძირს უთხრის. სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობა, სიძულვილის ენა, განსხვავებული შეხედულებებისადმი მტრული დამოკიდებულება საარჩევნო გარემოს არაჯანსაღად აქცევდა. PACE-ს წარმომადგენელმა განაცხადა იმის თაობაზეც, რომ მათი ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ და რომ ხელისუფლებამ ამგვარ საკითხებს ყურადღება უნდა მოაქციოს. PACE უფრო სრულყოფილ დასკვნებსა და რეკომენდაციებს სტრასბურგში, პლენარულ სხდომაზე წარადგენს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა. მათ დასკვნებში, ამჯერად, ვერ ვიხილეთ ფრაზა იმის თაობაზე, რომ ეს დარღვევები არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა.