უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 24 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებით შეუძლებელია. ზელენსკის თქმით, მოსკოვი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას.
ზელენსკიმ, დასავლეთის ლიდერებისგან მხარდაჭერა მოითხოვა, რათა ომის დასასრულებლად განხორციელდეს რასაც თავად „გამარჯვების გეგმას“ უწოდებს.
„ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ მოგვარდება. საჭიროა ქმედებები“, - თქვა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.
„პუტინმა იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია, რომ ის თავად არ გაჩერდება. ის იძულებული უნდა გახდეს, მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას, მხოლოდ იძულებაა, რამაც ეს შეიძლება გააკეთებინოს, როგორც ამ ომში ერთადერთ აგრესორს და გაეროს წესდების ერთადერთ დამრღვევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის შესახებ. რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, მათ მოსკოვის „დე ფაქტო თანამზრახველები“ უწოდა.
„დასავლეთის ქვეყნებმა თავი ვერ შეიკავეს ატმოსფეროს კიდევ ერთხელ მოწამვლისგან და საეთერო დროის შევსებას უკრაინული თემით ცდილობდნენ“, - განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩმა ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ვასილ ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ზელენსკის მიწვევაც გააპროტესტა.
უკრაინის პრეზიდენტთან გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველმა დიპლომატებმა.
„ჩრდილოეთ კორეა და ირანი, არ არიან ერთადერთი, ვინც რუსეთს ეხმარება და მხარს უჭერს. ჩინეთი, ამ საბჭოს კიდევ ერთი მუდმივმოქმედი წევრი, არის დანადგარების, მიკროელექტრონული საშუალებების და სხვა საქონლის წამყვანი მიმწოდებელი, რომელსაც რუსეთი იყენებს გასაახლებლად, მარაგების შესავსებად, სამხედრო მანქანების ასაშენებლად და თავისის სასტიკი აგრესიის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ უარყო ამერიკის ბრალდებები, რომ პეკინის მხარდაჭერა, რუსეთს საშუალებას აძლევს უკრაინაში ომი გააგრძელოს: „მინდა ნათლად განვაცხადო, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთზე პასუხისმგებლობის გადატანის, ან ჩინეთზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მცდელობა უპასუხისმგებლოა და არსად მიგვიყვანს“, - განუცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს.