„გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თაობაზე, „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. პრემიერი კობახიძე შეერთებულ შტატებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სტუმრობს. მან უკვე მიმართა სიტყვით „მომავლის სამიტს“.
„თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ევროპაში $2 მილიარდი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით. ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს, მიზანი ყველამ იცით, რაც არის - მათ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული ვერც ახლა. ვერ ისწავლეს რეალურად ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც წლების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა 23 სექტემბერს პრემიერმა კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართული ტელემედიის ნაწილთან საუბრისას.
ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზარზე. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - თქვა ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა, “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე.