შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი 18 სექტემბერს მედიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ ამერიკის ხაზინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.
პრემიერი და ელჩი ამ თემაზე სასაუბროდ ერთმანეთს18 სექტემბერს შეხვდნენ. მოგვიანებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი. კერძოდ ის, რომ შეხვედრაზე ითქვა, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”.
როგორც ელჩმა რობინ დანიგანმა მედიას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსთან შეხვედრაზე უთხრა, "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული მოქმედები, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს და საქართველოს ხალხს".
"ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი არის ევროპასთან და დასავლეთთან ერთად, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას, გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. და განცხადებები, რომლებიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო", - განაცხადა რობინ დანიგანმა.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.
„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის [ბაიდენის] ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, - თქვა პრემიერმა კობახიძემ "რადიო თავისუფლების" კითხვაზე პასუხად.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 17 სექტემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არავინ სხვა“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ ზაფხულს უკვე დაუწესა სავიზო შეზღუდვები მმართველი გუნდის დაახლოებით 30 წარმომადგენელს და მათ ოჯახის წევრებს, 16 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, მსგავსი შეზღუდვები დაუწესდება კიდევ 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს. სავიზო სანქციები შეეხებათ მათ "ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.