ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ქველმოქმედება, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტს ითვლის


ხატია აჭარის დაბა ქედიდან
ხატია აჭარის დაბა ქედიდან

წელს საქველმოქმედო ორგანიზაციას „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 30 წელი შეუსრულდა. ის 1994 წელს, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააფუძნეს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, სულ რამდენიმე წელში. მას შემდეგ, ორგანიზაცია თანდათან გაიზარდა, მისი საქმიანობის არეალიც გაფართოვდა და დღეს „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ აქტივზე 120-მდე წარმატებით განხორციელებული, მიმდინარე თუ დასრულებული პროექტია, 16 000-ზე მეტი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლისთვის გაწეული 11 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებით.

აპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის იდეა და მისი სისრულეში მოყვანა ამერიკაში დაბადებულ, წარმოშობით ქართველ არისტოკრატ, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავს ეკუთვნის, რომელიც ორგანიზაციას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იურისტს, გარემოსდამცველს და ნიუ-იორკის ყოფილ ვიცე-მერს, ამერიკაში კონი ერისთავის სახელით იცნობდნენ. "ნიუ-იორკ თაიმსში" კონი ერისთავს მოიხსენიებს ლიდერად, „რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი“. როგორც საჯარო მოხელე, „კონი წესიერების, ძლიერი ხასიათისა და კომპეტენციის განსახიერება იყო“, - წერდა მასზე "ობზერვერი".

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ურთულესი პერიოდი ედგა. დაშლილი სახელმწიფოებრიობით, მორღვეული საზღვრებითა და განადგურებული ეკონომიკით. საქართველო სამოქალაქო ომის ტკივილებიდან ხელმეორედ იბადებოდა. კონი ერისთავმა გადაწყვიტა, თავის ისტორიულ სამშობლოს ყველაზე რთულ დროში დახმარებოდა. მან დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ და ამისთვის შექმნა მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გარშემო მყოფი სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და ასევე საქართველოთი დაინტერესებული ამერიკელები შემოიკრიბა. საქართველოს გულშემატკივრებმა მაშინვე ფინანსური სახსრების მობილიზაცია დაიწყეს.

კონი ერისთავი, ქეთი დოილი, შერონ მაილსი, რეზო ადამია, ლევან მიქელაძე, ენ სიდამონ-ერისთავი (მარცხნიდან მარჯვნივ) იმყოფებიან ნიუ-იორკში, "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" მიერ, 2004 წელს გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე.
კონი ერისთავი, ქეთი დოილი, შერონ მაილსი, რეზო ადამია, ლევან მიქელაძე, ენ სიდამონ-ერისთავი (მარცხნიდან მარჯვნივ) იმყოფებიან ნიუ-იორკში, "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" მიერ, 2004 წელს გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე.

მომდევნო, 1995 წელსვე, ორგანიზაციამ საქართველოში უკვე გახსნა ძეგვის თავშესაფარი, რომელმაც მაშინ 120-ზე მეტ უსახლკარო ბავშვს უპატრონა. მოგვიანებით, ნაწილს „საქართველოს ქართველმა მეგობრებმა“ უმაღლეს სასწავლებელში სწავლაც დაუფინანსა და ზოგ მათგანს, ოჯახებთან ერთად, სახლებიც კი აუშენა.

ძეგვის თავშესაფარი დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა პროფილი რამდენადმე შეცვლილი აქვს. 2010 წლიდან ის გაფართოვდა და მას ახლა ზრდასრული ადამიანებიც აფარებენ თავს, ვისაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, ან თავშესაფარი არ გააჩნია. 2015-2019 წლებში განხორციელებული რეკონსტრუქციის წყალობით, ძეგვის სახლი მთელ კომპლექსად გადაიქცა, სადაც 100-მდე ბავშვი, მოზარდი, მარტოხელა დედა, მოხუცი, ფიზიკური ან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი ცხოვრობს, - ყვება ლენა კილაძე, საქართველოში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„ეს არ არის შენობა, ეს არის დიდი სივრცე ბევრი შენობით, იქ მცხოვრები პატარა თემით, სადაც შედის პატარა სახლები, რომლებშიც ოჯახები დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მას აქვს საკუთარი სათამაშო მოედანი, სათბურები და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ერთი დიდი კორპუსი, რომლის აღდგენა მთლიანად „საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა“ მოახერხა, რასაც წლები დასჭირდა“, - ამბობს ლენა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ რედაქციაში შევხვდით, როცა ის ორგანიზაციის შეხვედრაზე იყო შეერთებულ შტატებში ჩამოსული.

ძეგვის თავშესაფრის ფენებიციარები
ძეგვის თავშესაფრის ფენებიციარები

ლენას თქმით, „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მიერ განხორციელებულ ღირსშესანიშნავ პროექტებს შორისაა 2003 წელს თბილისში, ავლაბარში მდებარე ფერისცვალების მონასტერთან დაფუძნებული პირველი ჰოსპისი „ფერისცვალება“, რომელსაც მაშინ ანალოგი არ ჰქონდა და რომლის მსგავსი გამოცდილება ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა. ის დღესაც მოქმედია, ახლაც შვიდამდე ადამიანი ჰყავთ, ბევრად მეტს კი შინ აკითხავენ და უვლიან, ყვება ლენა.

ასევე უმნიშვნელოვანესი იყო მრავალი წლის მანძილზე მიმდინარე, ლეიკემიით და სხვა სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისთვის განსაზღვრული პროგრამები, რომლებიც, როგორც ლენა ყვება, რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა. აქ შედიოდა კლინიკაში ონკოლოგიური განყოფილების რემონტით დაწყებული, მოლეკულური ლაბორატორიის აწყობა, დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესების ხელშეწყობა, ზოგ შემთხვევაში - უცხოეთში მკურნალობის დაფინანსება, მშობელთა სახლის დაფუძნება, ხელოვნების დახმარებით სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა-განვითარება და სხვა.

უმთავრესად, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ იკვლევდა საქართველოსთვის აუცილებელ, გადაუდებელ საჭიროებებს და შემდეგ, ამის მიხედვით იწყებდა თანხების მოძიებასა და დახმარების აღმოჩენას. აგვისტოს ომის შემდეგაც, ორგანიზაციამ რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ლენა სიამაყით საუბრობს იმ რთულ წლებში, იძულებით გადაადგილებულთათვის შექმნილ განათლების პროგრამებზე, რომელთა მიზანი დევნილებისთვის ახალი პროფესიული უნარების შეძენაში დახმარება და რისკის ჯგუფების ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა იყო.

დღემდე მოქმედებს „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მიერ 2010 წელს, ნიქოზში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელში აშენებული ხელოვნების სკოლა. ლენას თქმით, იქ ბავშვები მეზობელი სოფლებიდან ჩადიან და ეუფლებიან ხელოვნების სხვადასხვა დარგს, სწავლობენ ხელსაქმეს, ეცნობიან კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიან ანიმაციურ ფილმებს და თავისი პატარა თეატრიც კი აქვთ. „ეს ყველაფერი ხდება ცხინვალიდან სულ რაღაც 800 მეტრში, პრაქტიკულად კილომეტრიც კი არაა. შენობიდან რომ გადაიხედოთ, ცხინვალს დაინახავთ“, - ამბობს ლენა. მისი თქმით, უკვე 11 წელია, ნიქოზის სკოლაში ყოველ წელს, მცოცავი ოკუპაციის ფონზე, საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალი იმართება, რომელზეც მსოფლიოში სახელგანთქმული ანიმატორები ჩადიან.

მიმდინარე პროექტებს შორის, ლენა კიდევ ასახელებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მისიის მქონე პროგრამებს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობების ჩართვა და მათთვის გამოცდილების გაზიარება, მათი მაქსიმალური განათლება. ამიტომაც, ამ ტიპის პროექტებში ძალზე აქტიურად არიან ჩართული ამერიკული აკადემიის მოზარდები.

Ჩვენ ზოგჯერ რეგიონებში კარდაკარ დავდივართ და ვცდილობთ თვითონვე ვიპოვოთ და შევარჩიოთ ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული მონაცემები აქვთ და ხელშეწყობა ესაჭიროებათ, - ამბობს ბილ კორკორანი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ პრეზიდენტი. „შემდეგ, ჩვენ მათთვის ვყიდულობთ კომპიუტერებს და ერთი წლით ინტერნეტსაც უზრუნველვყოფთ. ამ მოზარდებს ეს ძალიან, ძალიან ახარებთ. ჩემი აზრით, ეს მათ ჰორიზონტის გაფართოებაში დაეხმარება, საკუთარ მომავალზე, შესაძლებლობებზე დააფიქრებს“.

"საქართველოს ამერიკელი მეგობრების" პრეზიდენტი ბილ კორკორანი (მარცხნივ) და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძე (მარჯვნივ), "ამერიკის ხმაში" სტუმრობისას.
"საქართველოს ამერიკელი მეგობრების" პრეზიდენტი ბილ კორკორანი (მარცხნივ) და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძე (მარჯვნივ), "ამერიკის ხმაში" სტუმრობისას.

ბილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებში ჩადებულ ინვესტიციას ყოველთვის ხელშესახები და სწრაფი შედეგები არ მოაქვს და ამ საქმეს სამომავლოდ გაცილებით უფრო შორსმიმავალი ეფექტი ექნება. ის განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობს ორგანიზაციის თანამშრომლობაზე ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიასთან, რომელიც ბავშვებს კალათბურთთან ერთად, „უმუშავებს დისციპლინას, ასწავლის მუყაითობას, კოორდინაციას, სვლების გათვლას, თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას. ვაკვირდებოდი, როცა რაიმე არ გამოსდიოდათ, ისინი სხვებს კი არ აბრალებდნენ, არამედ ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ, აღიარებდნენ საკუთარ შეცდომებს, განიხილავდნენ, რა არ გააკეთეს სწორად და ამით ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძენდნენ“.

მართალია, ჩვენი ორგანიზაცია ამერიკაშია დაფუძნებული და ამერიკულია, - ამბობს ბილ კორკორანი, მაგრამ „ჩვენ არ ვართ ძველებური სტილის არამომგებიანი ამერიკული ორგანიზაცია. ასე ვთქვათ, ვერტმფრენით არ გადავიფრენთ, პარაშუტით გუნდს არ ჩავსხამთ სამუშაოდ და შემდეგ სწრაფადვე უკან არ დავბრუნდებით. ჩვენ არ მოვდივართ მზა რეცეპტებით, წლებია ვსწავლობთ, ვთანამშრომლობთ და ყოველთვის ქართველებთან ერთად ვეძებთ გამოსავლისთვის აუცილებელ გზებს. ეს არ არის ამერიკული გამოსავალი, უფრო ამერიკული ხელგაშლილობაა, ამერიკული სიკეთე, რომელიც საჭირო მომენტში, სწორ ადამიანებს ხელს უწვდის და მათ სტიმულს აძლევს“.

საქმეში, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველი ემიგრანტის, კონი ერისთავის ენთუზიაზმით და მისი ოჯახის ფინანსური დახმარებით დაიწყო, რომელსაც მალევე გვერდში დაუდგნენ სხვა თანამოაზრე ქართველი ემიგრანტის ოჯახები, დღეს ბევრი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაა ჩართული. „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან, ამ 30 წლის განმავლობაში გაძლიერებულ ქართულ ბიზნესებთან და სხვა კომერციულ თუ არამომგებიან ორგანიზაციებთან.

2011 წლიდან, კონი ერისთავის გარდაცვალების შემდეგ, ორგანიზაციას სათავეში მისი უფროსი ვაჟი, ვაშინგტონში მცხოვრები გარემოს დაცვის ადვოკატი, სიმონ სიდამონ-ერისთავი ჩაუდგა. მან კიდევ უფრო გაზარდა „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო ინტერესები და დღესაც აგრძელებს საქართველოს დახმარებას განათლების, ეკონომიკის, სოციალური, სამედიცინო და გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG