ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლვივში რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო ერთი ოჯახის ოთხი წევრია მოკლული


ოთხშაბათს, რუსეთმა მორიგი საჰარეო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. ერთ-ერთი სამიზნე ლვივი იყო. თავდასხმის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი, მათ შორის - ერთი ოჯახის ოთხი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს.

ლვივის მერის თქმით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა, იაროსლავ ბაზილევიჩმა, ცოლი და სამი შვილი დაკარგა. ბაზილევიჩის შვილები 7, 18 და 21 წლისები იყვნენ.

"ევროპის ცენტრში რუსეთი ანადგურებს უკრაინელებს, ოჯახებიანად ხოცავს მათ. რუსები კლავენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს", - დაწერა მერმა ანდრეი სადოვიმ სოციალურ ქსელში.

გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლვივზე თავდასხმის შედეგად, 53 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვია დაშავებული.

რუსეთი გამუდმებით უარყოფს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. თუმცა, ასევე ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო, ენერგო და სატრანსპორტო დაწესებულებები ლეგიტიმური სამიზნეებია.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო თავასხმების დროს, მოსკოვმა დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის ცხრა რეგიონში. ასევე დაზიანებულია ისტორიული შენობები ლვივის ცენტრში.

ლვივზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა ორი ფრთოსანი რაკეტით დაარტყა სამხედრო ინსტიტუტს უკრაინის ცენტრალურ ქალაქ პოლტავაში. შედეგად, დაიღუპა 50 ადამიანი და დაიჭრა ასობით მოქალაქე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლტავაში „ზუსტი დარტყმის“ სამიზნე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრი, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ კომუნიკაციებს, ელექტრონული ომის სპეციალისტებს და თვითმფრინავების ოპერატორებს.

XS
SM
MD
LG