„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე“, - 7 აგვისტოთი დათარიღებული წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერს.
„ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, ბაიდენი ასევე საუბრობს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
„მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - ნათქვამია ბაიდენის წერილში.
ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის საერთო ღირებულებები, მათ ხალხებს მომავალშიც გააერთიანებს.
„32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“, - ნათქვამია წერილის დასასრულს.
Facebook Forum