ისრაელის სამხედრო უწყების და სამაშველო სამსახურების ცნობით, პარასკევს დილით თელ-ავივის ცენტრს ირანული წარმოების შორი რადიუსის დრონმა დაარტყა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენში ბაზირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ჰუთიმ იკისრა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული აფეთქების ვიდეო აჩვენებს, რომ დრონი ისრაელის საჰაერო ტერიტორიაზე ზღვის მხრიდან შევიდა და განგაშის სისტემა არ აამოქმედა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო უწყებამ დაადასტურა, რომ სამხრეთ ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური მოკლა.
მთავარმა პრეს-მდივანმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროებმა დრონი შეისწავლეს, რომელიც თელ-ავივში ამერიკის საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს, ზღვისპირა შენობას მოხვდა. დადგინდა, რომ ის ირანული წარმოების „სამად-3“ მოდელის გაუმჯობესებული ვერსია იყო. „ჩვენი შეფასებით, ის თელ-ავივში იემენიდან შემოფრინდა“, თქვა მან პრეს-ბრიფინგზე.
ჰუთების პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჯგუფი თელ-ავივს თავს დრონით დაესხა და ღაზაში პალესტინელებთან სოლიდარობისთვის, ისრაელის სამიზნეში ამოღებას გააგრძელებს. ჰუთების ჯგუფი, „ჰეზბოლას“ მსგავსად, ირანთან არის დაკავშირებული.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ანტისაჰაერო თავდაცვის საკითხების განსახილველად სამხედრო მეთაურებს შეხვდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. მისი ოფისის განცხადების თანახმად, მინისტრმა თქვა: „მზად უნდა ვიყოთ როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმითი ქმედებებისთვის“.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სამხედრო უწყება ჯერ კიდევ იძიებს თუ დრონმა განგაშის სისტემა რატომ არ აამოქმედა, მაგრამ თავდაპირველი ცნობების თანახმად, საფრენი აპარატი ამოიცნეს, მაგრამ სირენები ადამიანის გამო დაშვებული შეცდომის გამო არ ჩაირთო.