ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ვაშინგტონში - მოწოდება შემდგომი დახმარებისთვის და დაგეგმილი შეხვედრები კონგრესში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 10 ივლისს, შეერთებული შტატების კონგრესს ეწვევა და ამერიკელ კანონმდებლებთან, რომლებმაც კენჭი უნდა უყარონ უკრაინის შემდგომ დახმარებას, შეხვედრებს გამართავს. ამასთან, ზელენსკი მადლობას გადაუხდის კონგრესს, ამ დრომდე უკრაინის დასახმარებლად მათ მიერ დამტკიცებული 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებისთვის.

ზელენსკი ვაშინგტონს ნატოს სამიტის ფარგლებში სტუმრობს და მოსალოდენელია, რომ დღეს შეხვედრას გამართავს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებთან. ასევე, იმ კომიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც უკრაინის შემდეგომი დახმარების საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების წარმომადგენლებთან.

„ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მისიაა და ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

კონგრესში დაგეგმილ შეხვედრებამდე, გუშინ, 9 ივლისს, ზელენსკიმ აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, არ დაელოდნონ ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, უკრაინის დასახმარებლად შემდეგომი ნაბიჯების გადადგმისთვის.

„ყველა ნოემბერს ელოდება. ნოემბერს ელოდებიან ამერიკელები, ელიან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანეთში, - მთელი მსოფლიოს მზერა ნოემბრისკენაა მიმართული და სიმართლე რომ ვთქვათ, პუტინიც ნოემბერს ელოდება“, - განაცხადა ზელენსკიმ ნატოს სამიტის წინ, რონალდ რეიგანის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე. „დროა გამოვიდეთ ჩრდილიდან, რათა მივიღოთ ძლიერი გადაწყვეტილებები... ვიმოქმედოთ და არ დაველოდოთ ნოემბერს ან სხვა თვეს“, - თქვა ზელენსკიმ.

შემდგომი დახმარების ბედი

წარმომადგენელთა პალატის რესპიბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, აპრილში კურსი შეცვალა და რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარა უკრაინის 61 მილიარდიან დახმარებას. მანამდე, დეკემბერში, როცა ვოლოდიმირ ზელენკი ვაშინგტონსა და კონგრესს სტუმრობდა, ჯონსონმა თქვა, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნას მხარს არ დაუჭერდა.

საბოლოოდ, წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინის შემდეგომ დახმარებას მხარი 311 ხმით, 112-ის წინააღმდეგ დაუჭირა. კონსერვატორი რესპუბლიკელების ჯგუფმა, რომლიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მჭიდრო მოკავშირედ მიიჩნევა, დახმარების პაკეტს მხარი არ დაუჭირა. პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშინდელმა განვითარებებმა და კენჭისყრის პერიპეტიებმა, გააჩინა შიშები, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპის პარტიამ, არარ დაამტკიცოს უკრაინის შემდგომი დახმარება, თუ ისინი გააკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, სენატს და თეთრ სახლს, ნოემბერიდან.

მაგრამ, მიმდინარე კვირაში, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ თავის მიმართვაში, სპიკერმა ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთი საფრთხე წარმოადგენს უკრაინის მიღმაც და ამერიკელმა ამომრჩეველმა, როცა ის ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა, უკრაინის დახმარებისადმი მხარდაჭერა გამოთქვეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG