ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს ვიეტნამში ახალი "უსაფრთხოების არქიტექტურის" აშენება სურს


ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება სურს. აზიის ორ ქვეყანაში პუტინის ვიზიტს, დასავლეთის უგულებელყოფის დემონსტრირებად განიხილავენ.

ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს, პუტინს ვიეტნამში 21 ქვემეხის სალუტიანი სამხედრო ცერემონიით დახვდნენ. ქვეყნის ორი კომუნისტი ლიდერი რუსეთის ლიდერს ჩაეხუტა და ერთმა მათგანმა უზომო ხოტბა შეასხა.

პუტინის ვიზიტმა კრიტიკა გამოიწვია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც რუსეთის ლიდერს ფარიად თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ პუტინს არ უნდა მისცემოდა პლატფორმა იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომი გაემართლებინა.

რუსეთმა და ვიეტნამმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკის საკითხზე, რაც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, მოსკოვის აზიისკენ გადახრას უსვამს ხაზს.

ჰანოიში ხელმოწერილი 11 პაქტი არ იყო ისეთივე დონის, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული გარდამტეხი შეთანხმება. მაგრამ პუტინის თბილი მიღება დიდი მიღწევა იყო რუსეთის ლიდერისთვის, რომელზეც, სავარაუდო ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

რუსეთი და ვიეტნამი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრები არ არიან.

ვიეტნამის პრეზიდენტმა პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ არჩევა მიულოცა და შეაქო რუსეთის მიღწევები, მათ შორის „შიდა პოლიტიკური სტაბილურობა“.

XS
SM
MD
LG