ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები: ევროკავშირის სანქციები რუსული გაზის წინააღმდეგ პირველად არის მიმართული


ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. დიპლომატების განცხადებით, სანქციების ეს ნაკადი, პირველად მოიცავს შეზღუდვებს რუსულ გაზზე.

პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რეექსპორტს ევროკავშირის წყლებში, მაგრამ არ აკრძალავს იმპორტს, როგორც ეს ბლოკმა გააკეთა 2022 წელს რუსული საზღვაო ნავთობის შემთხვევაში. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ აწარმოებს რუსეთის გაზსის იმპორტს მილსადენით, უკრაინის გავლით.

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიჩნევს, რომ ამ ზომას მცირე გავლენა ექნება, რადგან რუსული გაზის ევროკავშირის პორტებიდან აზიაში ტრანზიტი, რუსული LNG-ის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.

ბელგიამ, რომელიც 1 ივლისამდე თავმჯდომარეობს ევროკავშირს, თქვა სოციალური მედიის პლატფორმაზე X-ზე, რომ პაკეტი „მაქსიმალურად აძლიერებს არსებულ სანქციებს ხვრელების დახურვით“.

„ეს მკაცრი პაკეტი რუსეთს კიდევ უფრო ართმევს წვდომას ძირითად ტექნოლოგიებზე. ეს რუსეთს ენერგეტიკულ შემოსავლებს შეამცირებს და მოაგვარებს პუტინის ჩრდილოვანი ფლოტისა და საზღვარგარეთ ჩრდილოვანი ბანკების ქსელის პრობლემას“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მთლიანობაში, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიას დაემატა 47 ახალი სუბიექტი და 69 ფიზიკური პირი, რაც ჯამში 2200-მდე გაიზარდა. დიპლომატების თქმით, პაკეტი ოფიციალურად დამტკიცდება ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.

XS
SM
MD
LG