ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა და კიმმა ურთიერთდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი


რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს რუსეთის მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც აზიაში წლების განმავლობაში გადაუდგამს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თვლის, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ქვეყნებს შორის "ალიანსს" უტოლდება.

პუტინის დაპირება ცვლის რუსეთის მთელ პოსტსაბჭოთა პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. პარალელურად კი, შეერთებული შტატები და მისი აზიელი მოკავშირეები ცდილობენ შეაფასონ, რამდენად შეუძლია რუსეთს იმ ერთადერთი ქვეყნის მხარდაჭერა, რომელმაც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღი გამოსცადა.

პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის ურთიერთობის გაღრმავება უკრაინის მიმართ დასავლეთის მზარდ მხარდაჭერას დაუკავშირა და თქვა, რომ მოსკოვს შეუძლია განავითაროს სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა ფხენიანთან.

მოლაპარაკებების შემდეგ მათ ხელი მოაწერეს „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ პაქტს, რომელიც პუტინის თქმით, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ორმხრივი თავდაცვის პუნქტს მოიცავს.

”დღეს ხელმოწერილი ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარების შეთანხმებას ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”, - თქვა პუტინმა.

მან თქვა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მოწინავე, შორი დისტანციური იარაღის, მათ შორის F-16-ის ტიპის საბრძოლო მოიერიშეების მიწოდება რუსეთზე თავდასხმისთვის, არღვევს ძირითად შეთანხმებებს.

"ამასთან დაკავშირებით, რუსეთი თავისთავად არ გამორიცხავს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა პუტინმა.

კიმმა შეაქო რუსეთი იმისთვის, რომ მან, როგორც თავად თქვა, "უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი" გადადგა ჩრდილოეთ კორეის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG