ოთხშაბათს შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, შვედეთი უკრაინას რადარულ დაზვერვის და საკომანდო ორ თვითმფრინავს აჩუქებს. ეს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების დღემდე უდიდესი პაკეტის ნაწილია, რომლის ღირებულება დაახლოებით 13.3 მილიარდ შვედურ კრონას (1.3 მილიარდ დოლარს) შეადგენს.
შვედეთმა განაცხადა, რომ „სააბის“ საჰაერო ბაზირების დაზვერვის და კონტროლის (ASC) 890 მოდელის თვითმფრინავი სამიზნეების შორ მანძილზე ამოცნობის საშუალებას იძლევა და უკრაინას დაეხმარება F-16 თვითმფრინავების დაგეგმილ მიღებაში, რომელსაც დასავლეთის სხვა ქვეყნები გადასცემენ.
სტოკჰოლმში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა პალ იონსონმა თქვა, რომ „ისინი F-16 სისტემებს შეავსებს და უკრაინას დაეხმარება“.
უკრაინას, რომელიც ძველ, საბჭოთა პერიოდის სამხედრო თვითმფრინავების შედარებით მცირერიცხოვან მარაგს ეყრდნობა, სურს მიიღოს F-16 თვითმფრინავები, რათა მუდმივი რუსული საჰაერო თავდასხმების პირობებში ანტისაჰაერო თავდაცვა გააძლიეროს და უფრო მოწინავე რუსულ გამანადგურებლებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
ამ კვირის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ იმედი აქვს პირველი F-16 გამანადგურებლები უკრაინას „ძალიან მალე“ მიეწოდება.
გასულ კვირაში შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს უკრაინას სამი წლის განმავლობაში 75 მილიარდი შვედური კრონის (7.1 მილიარდი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწიოს.
ახლა შვედეთი აჩქარებს შეკვეთებს S 106 Global Eye თვითმფრინავებზე, რომლებითაც უკრაინისთვის გადაცემულ თვითმფრინავებს ჩაანაცვლებს.