ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რაიხის მოქალაქეებს" გერმანიაში გადატრიალების მცდელობისთვის ასამართლებენ


გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე შეთქმულებაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი გრძელდება. სამშაბათს სასამართლოს წინაშე წარმდგარ 9 პირს შორის არიან ჰაინრიხ მეცამეტე (როისის პრინცი) - სამეფო დინასტიის შთამომავალი, ყოფილი მოსამართლე და პარლამენტარი, თადარიგის ოფიცრები და სხვები.

პროკურორები ამბობენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ იმ ტერორისტული შეთქმულების ხელმძღვანელები, რომლებიც მთავრობის დამხობას და მის ნაცვლად ბიზნესმენის, უძრავი ქონების ინვესტორის - ჰაინრიხ მეცამეტის ლიდერად გამოცხადებას აპირებდა.

გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა 2022 წლის ბოლოს 27 ადამიანისგან შემდგარი ქსელი გამოავლინეს, რომლის წევრებიც თავს "რაიხის მოქალაქეებს" უწოდებენ. 9 მათგანს ახლა ასამართლებენ. "რაიხის მოქალაქეებს" ბრალი ედებათ სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და მმართველობის შეცვლის თაობაზე შეთქმულებაში. ამ შეთქმულებამ გერმანიის საზოგადობა გააოცა: ქვეყანა, რომელიც თავს ეკონომიკური ძლიერებითა და სტაბილური, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკით იწონებს, სასამართლოს ყურადღებით აკვირდება.

სხდომა უსაფრთხოების უმაღლესი დაცვის მქონე დარბაზში გაიმართა, ფრანკფურტის გარეუბანში მდებარე სასამართლოში. ეს განსასჯელების წინააღმდეგ უკვე მეორე სხდომაა. გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები პარლამენტის შტურმით აღებას და კანონმდებლების დაკავებას აპირებდნენ იმისთვის, რომ მათთვის ძალაუფლება ჩამოერთმიათ. "მათ იცოდნენ, რომ ძალაუფლების მოპოვებისას ადამიანების მოკვლა გახდებოდა საჭირო", - დაწერა პროკურორმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე. ეჭვმიტანილები ტერორიზმისა და ღალატის ბრალდებას უარყოფენ.

როისის პრინცი, ამ მოძრაობის ცნტრალური ფიგურაა, პროკურორები ამბობენ, რომ სწორედ ის მასპინძლობდა სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრებს აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე თავის სანადირო კოტეჯში.

პროკურორები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილებს "რაიხის მოქალაქეების" მოძრაობის სჯერათ. ის დღევანდელ გერმანულ სახელმწიფოს არ აღიარებს, არალეგიტიმურ ფასადად მიიჩნევს და ირწმუნება, რომ ისინი იმ მონარქიის წარმომადგენლები და დამცველები არიან, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა.

განსასჯელთაგან ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარია, რომელიც საკუთარ საშვს და უფლებებს შეთქმულების მონაწილე სხვა პირების პარლამენტში შესაყვანად იყენებდა. ისინი რაიხსტაგის შენობას ათვალიერებდნენ იმისთვის, რომ გადატრიალება უკეთ დაეგეგმათ.

უსაფრთხოების სამსახურები ამბობენ, რომ შეთქმულების ეს თეორია ჰგავს QAnon მოძრაობის მოსაზრებებს, რომელსაც ქვეყანაში 20 000-ზე მეტი მომხრე ჰყავს და რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წინა ხაზებში იყო.

ერთ-ერთი სხვა დაკავებულის თქმით, გასულ თვეში შტუტგარდში დაიწყო კიდევ 9 პირის სასამართლოც, რომლებიც პუტჩის დროს საომარ ვითარებას გამოაცხადებდნენ.

ეჭვმიტანილთაგან შეთქმულების ლიდერობაში მხილებული პირები სავარაუდოდ მხარდაჭერის მოპოვებას რუსეთისგანაც ცდილობდნენ. გამოძიება საუბრობს გერმანიაში და სლოვაკეთში რუსეთის საკონსულოებში გამართულ შეხვედრებზე. მოძრაობის წევრებს სჯერათ, რომ "გამარჯვებულ" ქვეყანათა ალიანსი, მათ შორის რუსეთთან და ამერიკასთან ერთად, მხარს დაუჭერდა "ნამდვილი გერმანიის" გამარჯვებას და მის მიერ "მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის" ჩანაცვლებას.

პროკურორები ამბობენ, რომ შეთქმულების მესვეურებს 500 000 ევრო ჰქონდათ და 100 000-მდე ამუნიცია.

XS
SM
MD
LG