უკვე სამ კვირაზე მეტია, საქართველოში ათობით ათასი ადამიანი არ წყვეტს პროტესტს საქართველოს მთავრობის მიერ, ე.წ “აგენტების შესახებ კანონის” ხელახალ ინიცირებაზე. მოსახლეობის ნაწილისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ქვეყანაში მეტი გამჭვირვალობისთვის შემოაქვს. საქართველოს უცხოელი მეგობრები კი მასში რუსულ კვალსა და გავლენას ხედავენ. სამშაბათს, 7 მაისს, 31-მა ევროპარლამენტარმა ჯოზეფ ბორელს მიმართა. ისინი ბორელს მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ იმის ფონზე, რომ "ქართულმა" ოცნებამ" "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ერთი წლის შემდეგ კვლავ გაიტანა კენჭისყრაზე და მას ორი მოსმენით ხმა მისცა.
ამ წერილის ხელმომწერებს შორისაა ანდრიუს კუბილიუსიც. ევროპარლამენტის წევრი ლიეტუვადან. კუბილიუსთან ინტერვიუ "ამერიკის ხმამ" ამ წერილის გამოქვეყნებამდე ჩაწერა. ინტერვიუში ის ამ კანონპროექტის შესახებ არსებულ საფრთხეებსა და შესაძლო სანქციებზე საუბრობს.
გასულ კვირას ვნახეთ, რომ მშვიდობიანი დემონტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა გამოიყენა. დემონსტრანტები თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ე.წ "უცხოეთის აგენტების", ან როგორც მას საქართველოში ეძახიან "რუსული კანონის” გასაპროტესტებლად არიან გასული. Როგორ შეფასებთ იმას, თუ რა პასუხი გასცა საქართველოს მთავრობამ საკუთარ მოსახლეობას?
ჩემი აღქმა [სიტუაციისა] ძალიან მარტივია: [ქართველი] ხალხი გაწბილებულია მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით. და ეს მხოლოდ "უცხოეთის აგენტების" ამ კანონს არ ეხება, რომელიც აბსოლუტურად მოსკოვის სტილისაა. ხალხი განიცდის მთავრობის ზოგად მიმართულებას, მმართველი პარტიის ზოგად ვექტორს.
ძალიან ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგეს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან დაეშორებინათ. სწორედ ამიტომაა ხალხი გაწბილებული. ვიცი, რომ ისინი მთავრობის ასეთი ტენდენციებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს ჩვენც ძალიან გვაღელვებს.
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის სხვა წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი. აგვიხსენით, რამდენად სერიოზული ნაბიჯია ამ რეზოლუციის მიღება და როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ ის რაიმე უფრო სერიოზულ ქმედებაში გადაიზარდოს ევროკავშირის მხრიდან?
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნათელია, ქართველი ხალხის უმეტესობა, მათი 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ. პრობლემები კი, რომელსაც ახლა ვხედავთ, მმართველი პარტიის, მთავრობის მიერაა შექმნილი. სწორედ აქ თამაშობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც რუსეთში კვლავ აქვს კავშირები, მნიშვნელოვან როლს.
ამ რეზოლუციით, პირველ ყოვლისა, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ კარგად გვესმის რა არის ბიძინა ივანიშვილის როლი [საქართველოში] რომ მას, როგორც ოლიგარქს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ის ნიშნავს ყველა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს და ა.შ სწორედ ამიტომ მას მივიჩნევთ იმ უბედურებებზე პასუხისმგებლად, რასაც მთავრობა საქართველოში ჩადის.
პროკრემლისტური კანონმდებლობის მიღებაზე პასუხისმგებლობა პირადად მას [ივანიშვილს] უნდა ეკისრებოდეს და ეს დასავლურმა მთავრობებმა უნდა გაიაზრონ.
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს [რეზოლუცია] რაიმე ტიპის სანქციების პოლიტიკად იქცეს? ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ ის, რაც ევროპარლამენტმა უკვე თქვა: თუ მსგავს კანონს მიიღებენ, საქართველოსთვის აღარ იქნება შესაძლებელი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო გააგრძელებს სვლას იმავე მთავრობით- ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ კობახიძის მთავრობით, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებენ, მაშინ საქართველო ნამდვილად ვერ შეძლებს ევროკავშირში სრულად გაწევრიანებას. ეს ნამდვილად ასეა.
სწორედ ამის თქმა გვინდოდა ამ რეზოლუციით. ის ეხება არა მარტო სანქციებს, არამედ - კონკრეტულ ადამიანებს, მათ პასუხისმგებლობას და ჩვენს ძალიან მკაფიო პოზიციას, რომ ქვეყნის მთავრობაში ასეთი ადამიანებით, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ [საქართველო] მიაღწევს მთავარ მიზანს - ევროკავშირის წევრობას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა დასავლელმა პარტნიორმა გააკრიტიკა ეს კანონმდებლობა და გააკეთეს ის განცხადებები, რაც ახლა განვიხილეთ, ქვეყნის მთავრობა მაინც ცდილობს, რომ კანონპროექტი კანონად აქციოს და ამბობს, რომ ის გამჭვირვალობისთვის შემოაქვთ და მასში საშიში არაფერია. როგორ ფიქრობთ, არის რამე, რაც საქართველოს მთავრობას აზრს შეაცვლევინებს?
ეჭვი მეპარება, რომ ასეთი მთავრობის და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის იქ ყოფნის პირობებში, მსგავსი რამ შესაძლებელი იყოს. ჩემთვის ნათელია, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მიზანმიმართული ქმედებაა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დააშორონ. შეკითხვა, რომელიც ახლა ისმის, ისაა, ეს კრემლის ზეწოლის გამო ხდება, თუ რამე სხვა მიზეზი არსებობს?
მთლიან სურათს უნდა შევხედოთ, არა მარტო ამ კანონპროექტს, არამედ, მთლიანად პოლიტიკურ ენას, რომელსაც [მთავრობის] ლიდერები იყენებენ და რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ევროკავშირს, მის მმართველობას და ასევე - ამერიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არა მარტო დღევანდელი სიტუაციის, არამედ გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებითაც, საქართველოს ეს მთავრობა არ არის მზად, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გასაერთიანებლად.
საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდენს გავლენას ეს კანონპროექტი საარჩევნო გარემოზე და ასევე გვითხარით, როგორ ფიქრობთ, რატომ დააბრუნა საქართველოს მთავრობამ ეს კანონმდებლობა ერთი წლის შემდეგ?
შემოდგომაზე დანიშნული არჩევნები, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეკითხვა, რომელიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ, ისაა, იქნება თუ არა ეს არჩევნები გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თუ მმართველი პარტია ჩაატარებს ამ არჩევნებს ისე, როგორც ეს ბელარუსსა და რუსეთში ხდება?
მმართველი პარტია და მთავრობა ძალიან საშიშ გზას ადგანან. ძალიან მარტივი რამ შემიძლია გითხრათ: ლუკაშენკომ და პუტინმაც ასე დაიწყეს- ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენებით - ახლა კი დიქტატორები არიან. Ახლა, როდესაც ვხედავ, რას აკეთებს საქართველოს მმართველი პარტია და როგორ ცდილობენ მისი წევრები, რომ საქართველოსა და ევროკავშირის გზები ერთმანეთს დააშორონ, ბევრ მსგავსებას ვხედავ ბიძინა ივანიშვილს, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის.