ოთხშაბათს კრემლმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ მოსკოვი ირანის ისრაელზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს დააბეჯითებით მოუწოდებს კონფლიქტისგან თავი შეიკავონ.
სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება ახალი დაპირისპირების საწყისი გახდეს. მან გააფრთხილა, რომ ასეთი დაპირისპირება შესაძლოა რეგიონისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი გახდეს.
ოთხშაბათს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კითხვაზე, თეირანმა ისრაელზე თავდასხმის შესახებ რუსეთი წინასწარ თუ გააფრთხილა, უპასუხა, რომ ამ საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს.
„ჩვენ ამ კონფლიქტის ესკალაციის შესახებ საუბარიც არ გვსურს. ეს ისრაელის, ირანის და მთელი რეგიონის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - თქვა პესკოვმა და განმარტა, რომ ორივე მხარესთან აქვს კომუნიკაცია: „რუსეთის ფედერაცია ირანთან მჭიდრო, კონსტრუქციულ სამუშაო კონტაქტებს აგრძელებს. ჩვენ კონსტრუქციული კონტაქტები ისრაელთანაც გვაქვს“.
„თუ ისრაელსა და ირანს შორის „პირდაპირ“ კონფლიქტზე ვსაუბრობთ, მიმდინარე კონფლიქტს „არაპირდაპირს“ არ ვუწოდებდი. როდესაც ერთი ქვეყნის საკონსულო ნადგურდება, ძნელია ამას არაპირდაპირი კონფლიქტი ეწოდოს“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ირანმა გასულ უქმეებზე ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა ისროოლა. ისრაელზე თავდასხმა პირველ აპრილის, ირანის საკონსულოზე სავარაუდოდ ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა. თეირანი აცხადებს, რომ დამასკოში მის საკონსულოზე იერიშს ორი გენერალი და რამდენიმე სხვა ირანელი ოფიცერი ემსხვერპლა.