ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: ძალიან ბევრი კითხვაა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის მიმართ


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე "ბევრი კითხვა" აქვს.

დოკუმენტის ირგვლივ და იმაზე, თუ როგორ დაახასიათებდა პრეზიდენტი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას, სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა ორბელიანების სასახლეში, სადაც იგი ჟურნალისტებს შეხვდა.

პრეზიდენტი აღნშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, "მაგრამ, ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ესეც ბალანსია".

"წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა იმპერიათა შორის ბალანსს აწარმოებდა, ეს სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა გარემო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა. ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებასო საგარეო პოლიტიკაში, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს იგი, სად შემუშავდა დოკუმენტი? - პრეზიდენტი პასუხობს: "არ ვიცი, ალბათ ჩინეთში" - და აგრძელებს: "წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღირებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს.

მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის, როცა ჩვენი მოდელი მიდის დემოკრატიული რეფორმებისკენ და არა ერთპარტიული მმართველობის მოდელის შეფასება და დაფასება. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ დოკუმენტის მიმართ".

მანამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 თებერვალს ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House-ის) ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიურდება საქართველოში:

„ბოლო რამდენიმე წელია, ასეა, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ამჟამად უკვე „სტრატეგიულ პარტნიორობაში“ ვართ მათთან. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. მე ნუ მკითხავთ“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და გაიხსენა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი უვიზო რეჟიმი შემოიღეს.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნეს. ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს ფაქტი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებად შეაფასა.

XS
SM
MD
LG