ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტს რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების ინიციატივა აქვს


ევროკავშირმა, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შესაძენად გამოყენება უნდა განიხილოს, - განაცხადა ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად“, - განაცხადა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლეიენმა და ევროკავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს თავდაცვის პოლიტიკაში.

მისი თქმით, ომის საფრთხე ევროკავშირისთვის "შეიძლება არ იყოს გარდაუვალი, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი".

„ომის საფრთხეები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, მაგრამ ისინი მზად უნდა იყვნენ და ეს [მზაობა] იწყება წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღდგენის, შევსების, მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობით“, - თქვა მან.

ფონ დერ ლეიენმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტს წინასწარ გააცნო ახალი ევროპული სამრეწველო თავდაცვის სტრატეგია, რომელსაც ევროკომისია უახლოეს კვირებში წარადგენს და თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ერთობლივი შესყიდვების პრიორიტეტიზაცია იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვაში უფრო დიდი ევროპული ძალისხმევა არ შეამცირებს ნატოს ალიანსის საჭიროებასა თუ მნიშვნელობას.

"სინამდვილეში, უფრო სუვერენული ევროპა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს გასაძლიერებლად”, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG