ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ?


ალექსეი ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, რუსი ოფიციალური პირების თქმით, პარასკევს გარდაიცვალა. არქტიკაში განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა.

ნავალნის ცხედარს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულება მის ოჯახს ჯერ არ აძლევს. კრემლში ამბობენ, რომ მათი გადასაწყვეტი არაა, როდის გადასცემენ ოპოზიციონერის სხეულს ოჯახს.

სააგენტო "როიტერი" სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იმ ფაქტებს ავრცელებს, რაც ამ დროისთვის ნავალნის სიკვდილის შესახებაა ცნობილი.

გარდაცვალება

ნავალნი სასჯელს IK-3 სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა, რომელიც არქტიკული წრის ჩრდილოეთით არის განთავსებული. კოლონია ხარბში, იამალო-ნენეცის რეგიონში მდებარეობს.

ნავალნის გარდაცვალების შესახებ იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს, მოსკოვის დროით 14:19 საათზე გამოაცხადა.

„2024 წლის 16 თებერვალს, სასჯელაღსრულების მე-3 კოლონიაში, მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის დაუყოვნებლივ დაკარგა გონება. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, რომელსაც დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადგინეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ეს არის კოლონიის მიერ გავრცელებული განცხადება. პენიტენციური დაწესებულების ან სამედიცინო სფეროს ოფიციალური პირებისგან, დამატებითი დეტალების შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

„უეცარი სიკვდილის სინდრომი“

ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნის 69 წლის დედამ, შვილის გარდაცვალების შესახებ ცნობა ოფიციალურად მიიღო. ოფიციალურ შეტყობინებაში, გარდაცვალების დროდ დაფიქსირებულია 16 თებერვალი, ადგილობრივი დროით 14:17 საათი.

შაბათს, ნავალნის ანტიკორუფიული ფონდის ხელმძღვანელმა, ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დედასა და ადვოკატს, შაბათს დილით უთხრეს, რომ „ნავალნის გარდაცვალების მიზეზი, უეცარი სიკვდილის სინდრომი იყო“.

„უეცარი სიკვდილის სინდრომი“ არის ბუნდოვანი ტერმინი, რომელიც ისეთ სხვადასხვა კარდილოგოურ სინდრომებს აერთიანებს, რაც გულის უეცარ გაჩერებას და სიკვდილს იქვევს.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ რუსულ ტელეარხ RT-სთან საუბრისას, ანონიმურობის დაცვით, წყარო აცხადებს, რომ ნავალნი თრომბის შედეგად გარდაიცვალა.

ორშაბათს, იარმუშმა განაცხადა, რომ, როგორც გამომძიებლებმა ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, გამოძიებას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია.

ცხედარი

ამ დრომდე უცნობია, სად არის ნავალნის ცხედარი. გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ დაუდგენელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცხედარი სალეხარდის რაიონულ კლინიკური საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს.

გამოცემის ცნობით, სხეულს აღენიშნება სისხლჩაქცევების ნიშნები, რაც მიუთითებს რაიმე სახის კრუნჩხვებზე, ასევე გულის მასაჟის მცდელობის კვალზე. გამოცემა წერს, რომ უცნობია, რატომ გაუჩერდა ნავალნის გული.

ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, ადგილზე, მოსკოვიდან გამომძიებელთა ჯგუფი ჩავიდა. უცნობია, როდის ჩატარდება ექსპერტიზა.

„ნოვაია გაზეტას“ წყაროს ნაამბობი

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, პატიმარმა, რომელიც სასჯელს იმავე კოლონიაში იხდის, სადაც ნავალნი იხდიდა, გამოცემას განუცხადა, რომ 15 თებერვლის საღამოს, ციხეში „უცნაური არეულობა“ იყო. მისი თქმით, კოლონიის დაცვამ, საღამოს შემოწმება დააჩქარა და უსაფრთხოება გაძლიერდა.

წყაროს ცნობით, 16 თებერვლის დილა, ყაზარმების „ტოტალური დარბევით“ დაიწყო. დაცვამ პატიმრებს მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები ჩამოართვა. მისივე თქმით, მალევე ადგილზე სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცენტრალური ოფისიდან კომისია მივიდა.

„ნოვაია გაზეტას“ წყაროს ცნობით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, კოლონიაში მოსკოვის დროის 8:00 საათზე „გავრცელდა“. ეს რამდენიმე საათით უსწრებს წინ, ნავალნის გარდაცვალების შესახებ, კოლონიის ოფიციალურ განცხადებას. ამასთან, პატიმრის თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარება, მხოლოდ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მივიდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ „ნოვაია გაზეტას“ წყაროს ნაამბობის გადამოწმება თავად ვერ შეძლეს.

ჯანმრთელობის პრობლემები

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ნავალნი სასამართლოს წინაშე ონლაინ წარსდგა. პროცესის დასრულების შემდეგ ის ხუმრობდა და მოსამართლეს სთხოვა, უზარმაზარი ხელფასით, ნავალნისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ანგარიში შეევსო.

ონლაინ გამოცემა SOTA-ს ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ციხის ოფიცერთან „კამათის“ შემდეგ გაიმართა, რომელიც ნავალნისთვის კალმის ჩამორთმევას ცდილობდა. ნავალნიმ, ხუთშაბათსვე, მოგვიანებით დაწერა, რომ სამარტოო საკანში 15 დღით გადაყვანა მიუსაჯეს.

ნავალნის გუნდმა, არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ციხეები სასტიკია და არსებობდა საფრთხე, მისთვის ზიანი მიეყენებინათ, ან მოეკლათ.

ოპოზიციონერი არაერთხელ მოათავსეს სამარტოო საკანში, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის მიმართ მისი დამოკიდებულების გამო.

მიუხედავად მძიმე პირობებისა, ნავალნი იმ სიტუაციაზე, რომელსაც ციხეში უქმნიდნენ, ხშირად, საჯაროდ ხუმრობდა. კოლონია, რომელშიც ის სასჯელს იხდიდა, ციხეში ერთ-ერთ უმკაცრეს სასჯელაღსრულების დაწესებულებად მიიჩნევა და „მგლების კოლონიასაც“ უწოდებენ.

„-32° გრადუს ცელსიუსზე მეტი სიცივე ჯერ არ ყოფილა. ამ ტემპერატურაშიც კი, შეგიძლია ნახევარ საათზე მეტი ისეირნოთ იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებთ ახალი ცხვირის, ახალი ყურებისა და ახალი თითების გაზრდას“, - თქვა ნავალნიმ იანვარში და გამოაქვეყნა ადგილის სურათი, სადაც პატიმრებს სეირნობის საშუალება ჰქონდათ. კედლებითა და მეტალის ბადით შემოსაზღვრული ადგილი, 11 ნაბიჯის სიგრძისა და სამი ნაბიჯის სიგანის იყო.

გასულ წელს, ნავალნიმ თქვა, რომ ცუდი კვების გამო, რუსულ ციხეებში „კბილების ნაკლებობაა“.

ერთ წელზე ნაკლების ხნის წინ, მისმა გუნდმა თქვა, რომ ის ციხეში კუჭის ძლიერ ტკივილს ებრძოდა.

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ხელისუფლებისგან ცხედრის გადაცემას მოითხოვენ. ამ ფონზე კი, სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალურ ადგილებზე, სადაც ნავალნის მხარდამჭერებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ, ხელისუფლებამ მათი დაკავება დაიწყო. დაკავებულია ასობით ადამიანი.

XS
SM
MD
LG