დღეს, 2 თებერვალს, შეერთებული შტატების ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის კიბერ-ელექტრონული სარდლობის ექვს მაღალჩინოსანს. ეს ირანის სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ამერიკისა და სხვა ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებზე.
„ირანული კიბერ აქტორების მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დამიზნება არაკეთილსინდისიერი და საშიში ქმედებაა“, - თქვა ხაზინის მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა. „შეერთებული შტატები არ მოითმენს ასეთ ქმედებებს და გამოიყენებს ჩვენი ინსტრუმენტებისა და ხელისუფლების სრულ სპექტრს, დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად. შეერთებული შტატები იღებს ზომებს ამ პირების წინააღმდეგ რევოლუციური გვარდიის ბოლოდროინდელი კიბერ ოპერაციების საპასუხოდ“, ნათქვამია ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი სანქციების შედეგად, სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი, ქონება და ანგარიში, რომელიც იმყოფება შეერთებულ შტატებში ან აშშ-ის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაბლოკილია. გარდა ამისა, გაყინულია ყველა აქტივი, რომელშიც სანქცირებული პირები პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან მთლიანობაში, ფლობენ ამ აქტივის 50 პროცენტს ან მეტს.
ხაზინა აცხადებს, რომ ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები ან ინდივიდუალური პირები, რომლებიც ეწევიან ნებისმიერი სახის საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, ასევე შეიძლება დაექვემდებარონ ამერიკის სანქციებს.