ფრონტის ხაზზე განლაგებული უკრაინის ჯარები, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიზღუდა ზოგიერთი სამხედრო ოპერაციის წარმოება, - უთხრა საინფრომაციო სააგენტო "როიტერს" უკრაინის არმიის მაღალჩინოსანმა.
ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი საინფორმაციო სააგენტოს მას შემდეგ ესაუბრა, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა შეაჩერეს $60-მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, კონგრესში თეთრმა სახლმა წარადგინა. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს (54,5 მილიარდი დოლარი) ოდენობის დაფინანსება კიევისთვის, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია, რუსეთის თავდასხმას უმკლავდება.
"პრობლემაა საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა [ჭურვების], ესა 122, 152 მილიმეტრიანები. დღეს ეს პრობლემები ფრონტის მთელ ხაზზე აღინიშნება", - თქვა ინტერვიუში გენერალმა ტარნავსკიმ. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების დეფიციტი "ძალიან დიდი პრობლემაა" და უცხოური სამხედრო დახმარების შემცირება სათანადო გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე.
"მოცულობა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი საჭიროებების, გათვალისწინებით საკმარისი არ არის. ასე რომ, ჩვენ ვანაწილებთ მას. თავიდან დაგეგმილი და დასახული ამოცანების შემცირება გვიწევს, რადგან მათი უზრუნველყოფა ვერ ხერხდება", - თქვა მან კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე.
ტარნავსკის თქმით, საბრძოლო მასალებით მომარაგების პრობლემას ასევე განიცდის რუსეთის ძალები, თუმცა არც ეს განცხადება დაუზუსტებია. გენერალი ამბობს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინის ჯარები ზოგ რაიონში თავდაცვაზე გადავიდა, ზოგიერთ რაიონში კი შეტევას ცდილობს.
გენერალ ტარნავსკის კომენტარები ხაზს უსვამს კიევის დამოკიდებულებას დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე, რათა უკრაინა სუვერენულ ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ჯარებს 1000 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ებრძოლოს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტის დაწყებიდან 22 თვე გადის. უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კი, ომის ფონზე, უკვე მეორე მკაცრი ზამთრის პირობებში უწევს ცხოვრება.
Facebook Forum