ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიკაშვილი: „2023 წელი, ერთ-ერთი რთული წელი იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“


უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი 2023 წლის ივნისში, პარლამენტის წინ ცარიელი ფურცლით
უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი 2023 წლის ივნისში, პარლამენტის წინ ცარიელი ფურცლით

როგორი იყო 2023 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? „ამერიკის ხმა“ ამ თემაზე, უფლებადამცველს და იურისტს ედუარდ მარიკაშვილს ესაუბრა. 2023 წლის ივნისში, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე, მეგობრებთან ერთად, ცარიელი ფურცლით იდგა.

უფლებადამცველმა წინასწარი დაკავების საკანში 48 საათი გაატარა, მოგვიანებით, სასამართლომ ედუარდ მარიკაშვილი „წვრილმანი ხელიგნობისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა.

2023 წლის მარტის პროტესტი, რუსული კანონის წინააღმდეგ
2023 წლის მარტის პროტესტი, რუსული კანონის წინააღმდეგ

რა გამოწვევები იყო 2023 წელს, ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს?

2023 წელი იყო ერთ-ერთი რთული წელი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის კუთხით, ასევე საკმაოდ გაუარესდა იმ ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ხელისუფლების მცდელობა მიეღო ე.წ რუსული კანონი იყო საკმაოდ მასშტაბური, ინსტიტუციური თავდასხმა სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ

ბევრ მნიშვნელოვან საქმეში გამოიკვეთა, რომ ინსტიტუციებმა, რომლებსაც ევალებათ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ვერ გაართვეს თავი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, სადაც პოლიტიკური და სახელმწიფო ინტერესები იკვეთებოდა.

2023 წელზე როცა ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით, მარტის მოვლენებს და ხელისუფლების მცდელობას მიეღო ე.წ რუსული კანონი. ეს ნაბიჯი იყო საკმაოდ მასშტაბური თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. ეს იყო ინსტიტუციური თავდასხმა და მიზნად ისახავდა, ინსტიტუციურ შეფერხებას იმ არასამთავრობო/მედია ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ.

ასევე, ჩვენ შეიძლება გამოვყოთ პოლიტიკური პროცესებიც. არავისთვის არ არის ახალი, რომ ეს წელი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო. თუმცა, ამ კუთხით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი არ გააკეთა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონოდა დაბრკოლებები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, ხელისუფლების უმოქმედობიდან ან ისეთი მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ აზიანებდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ხარისხს.

"ეს იყო ინსტიტუციური თავდასხმა"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:00 0:00

მედიის მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ. ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის იყო და ისევ არის: კრიტიკულ მედიასთან ნდობის ჩამოყალიბება, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ისევ ვხედავთ, კრიტიკული მედიის შეზღუდვის და დისკრედიტაციის პოლიტიკას, კომუნიკაციების კომისიის გავლენის ზრდას და უფრო გახშირებულ ე.წ. SLAPP სარჩელებს ჟურნალისტების წინააღმდეგ...

გეთანხმებით. 2023 წელს, პოზიტიური კუთხით აუცილებლად გამოსაყოფია ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, ამან დადებითი კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მედიის თავისუფლებაზე. თუმცა, მედიის თავისუფლების მიმართულებით გვრჩება არაერთი ინსტიტუციური და საკანონმდებლო პრობლემა თუ პრობლემები პრაქტიკის დონეზე.

"სიძულვილის ენის" და "უხამსობის" თემის რეგულაცია, რომლის მიღებასაც პარლამენტი ცდილობს, საქართველოში მედიის თავისუფლებას საკმაოდ გააუარესებს. ეს კომუნიკაციების კომისიის ხელში იქნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, მედიის თავისუფლებაზე გავლენისთვის

პირველი საკითხი, როცა ინსტიტუციურ და საკანონმდებლო პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეს არის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ მიღებული და მოსალოდნელი ცვლილებები. ეს ეხება, როგორც "სიძულვილის ენის" რეგულაციას, ასევე "უხამსობის თემის" რეგულაციას, რომლის მიღებასაც პარლამენტი ცდილობს.

მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით, "უხამსობის თემის" რეგულირების საკითხი კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, რომელსაც დამოუკიდებლობის კუთხით აქვს საკმაოდ დიდი პრობლემები და ეს ევროკომისიის შეფასებაშიც არის ხაზგასმული, ამ ცვლილების მიღება, საქართველოში მედიის თავისუფლებას საკმაოდ გააუარესებს. ეს კომუნიკაციების კომისიის ხელში, რომელსაც ისედაც ძალიან დიდი ძალაუფლება გააჩნია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, მედიის თავისუფლებაზე გავლენისთვის.

ასევე უნდა გამოიყოს, ზოგადად, ხელისუფლების რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება. ეს რიტორიკა, საბოლოო ჯამში აისახება საზოგადოებაში ჟურნალისტების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და მათთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობაზე.

2023 წელსაც, ასეთი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, მათი კრიტიკული პოზიციის თუ უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი კრიტიკულ მედიას წარმოადგენენ, არაერთი იყო.

სიძულვილის ენის და უხამსობის თემის რეგულირება, კრიტიკული მედიის მუშაობას უფრო გაართულებს
სიძულვილის ენის და უხამსობის თემის რეგულირება, კრიტიკული მედიის მუშაობას უფრო გაართულებს

ევროკომისიის ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია 2023 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და საბჭოთა საქართველოს დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ასევე, შეკრების თავისუფლების თვითნებურ და არასაჭირო შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, პოლიცია იყენებს - რეპრესიებისთვის, სასამართლო იყენებს - ჯარიმას

დიახ, ამ კუთხით საკმაოდ მასშტაბური პრობლემები გამოვლინდა. ეს არ ატარებს ერთეულ ხასიათს, ეს ინსტიტუციური პრობლემებია, რომელიც გამოიხატება. როგორც პოლიციის დამოკიდებულებაში, ისე სასამართლოების მიდგომაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ერთის მხრივ, პოლიცია იყენებს რეპრესიებისთვის, შეკრება-მანიფესტაციებზე აქტივისტებს აკავებენ და მეორეს მხრივ, სასამართლო იყენებს უზარმაზარ ფინანსურ ტვირთს - ჯარიმას, აქტიურ მოქალაქეებზე და პროტესტის მონაწილეებზე, რაც „მსუსხავ ეფექტს“ ახდენს, ზოგადად შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში.

აქტივისტი გოგონას დაკავება რუსეთთან ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა აქციაზე
აქტივისტი გოგონას დაკავება რუსეთთან ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა აქციაზე

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თქვენი დაკავება პოლიციის მიერ ივნისის აქციაზე, ცარიელი ფურცლით ხელში და შემდეგ, სასამართლოს მხრიდან დაჯარიმება, ამის ნათელი მაგალითია. ამ შემთხვევაში მივდივართ თუ არა პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემასთან?

რა თქმა უნდა. ეს არის ხელისუფლების და განსაკუთრებით, პოლიციის მხრიდან, თვითნებობის საკმაოდ უხეში გამოვლინება. როდესაც ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე, ისე რომ ადამიანები არაფერს აშავებენ და მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავენ, არაძალადობრივად, მშვიდობიანად, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, პოლიცია მათ აკავებს, თავისუფლებას უზღუდავს და შემდგომ სასამართლო მათ ასამართლებს და ამტყუნებს, ისეთ ბრალდებებში, რომელიც პოლიციის მხრიდან გამოგონილია.

ეს არის საკმაოდ უხეში ჩარევა, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში და, მიანიშნებს იმაზე, რომ ინსტიტუციურად აღარ რჩება ბერკეტი რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასეთი თვითნებობი არ განახორციელონ: არ დააკავონ ადამიანები საფუძვლის გარეშე და შემდეგ პასუხისგებაში არ მისცენ

რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ უხეში ჩარევა, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში, ზოგადად გამოხატვის თავისუფლებაში. და, მიანიშნებს იმაზე, რომ ინსტიტუციურად აღარ რჩება ბერკეტი ან შემაკავებელი შესაძლებლობა იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასეთი თვითნებობები არ განახორციელონ: არ დააკავონ ადამიანები საფუძვლის გარეშე და შემდეგ პასუხისგებაში არ მისცენ.

სასამართლოში არსებული პრობლემები არის ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. როცა სასამართლო ხელისუფლება უნდა აბალანსებდეს და აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასამართლო, ფაქტიურად პოლიტიკური ხელისუფლების გაგრძელებაა და მხოლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.

მოსამართლეები არ მსჯელობენ, ამ საქმეეში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, შინაარსი, ფორმები და მიზანი. ასეთი საკითხები სასამართლოს მხრიდან გამოკვლელული არ არის, მართლმსაჯულება როგორც აღვნიშნე არის პოლიტიკური ხელისუფლების გაგრძელება და როგორც წესი, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იზიარებს პოლიციის წარდგენილ ბრალდებებს.

რამდენიმე, მათ შორის თქვენი ორგანიზაცია ეხმარება აქტივისტებს, სასამართლოს მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახდაში. ამის გამო, სამთავრობო მედიამ „არეულობის სპონსორიც“ კი გიწოდათ. დაახლოებით, რა ოდენობის ჯარიმაზეა საუბარი და რამდენად მძიმე ფინანსური ტვირთია ეს მოქალაქეებისთვის?

დაჯარიმების პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლების დარღვევის საკმაოდ მწვავე ფორმაა. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, როდესაც სასამართლო და ხელისუფლება, მაღალ ჯარიმებს, ისეთ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იყენებს აქტივისტების და ზოგადად ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს.

ჯარიმები ზოგჯერ 2-3 თვის, ზოგჯერ, 4 თვის, საშუალო ხელფასს აღწევს. ერთი ადამიანის ჯარიმას ვგულისხმობ, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი ამ ადამიანებისთვის, რაც შემდგომ გამოხატვის თავისუფლებაზე გამყინავ ეფექტს ახდენს

ინდივიდუალურ შემთხვევებში, ჯარიმები ზოგჯერ 2-3 თვის, ზოგჯერ, შეიძლება 4 თვის, საშუალო ხელფასს აღწევს. ერთი ადამიანის ჯარიმას ვგულისხმობ, ეს არის ძალიან მძიმე ფინანსური და ეკონომიკური ტვირთი ამ ადამიანებისთვის, რაც შემდგომ გამოხატვის თავისუფლებაზე გამყინავ ეფექტს ახდენს.

ეს რომ დაითვალოს, 2023 წელს, შეიძლება, ასობით ათასი ლარიც კი იყოს გამოყენებული, ჯარიმის სახით, პროტესტის მონაწილეების მიმართ. ორი ინიციატივა იყო საქართველოში, ამ ეტაპზე მსგავსი. როგორც ვიცი, ერთი ინიციატივის შემთხვევაში, თუ ჯარიმების გადახდას გულისხმობთ, სამოქალაქო სექტორის მხრიდან, დაახლოებით, 40-50 ათასი ლარი შეადგინა.

ჩვენ შემთხვევაში, 35-40 ათასი ლარის ფარგლებშია ეს ჯარიმები გადახდილი. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმიტომ, რომ ეს ჯარიმები არ არის უბრალოდ სამართლებრივი სანქცია, არამედ ეს არის სანქცია ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ისინი თავიანთი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ.

2023 წლის მარტი, პოლიცია აკავებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტს
2023 წლის მარტი, პოლიცია აკავებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტს

ეს დაჯარიმების პრაქტიკაც, როგორც ჩანს შერჩევით გამოიყენება, იგივე „თბილისი პრაიდის“ ჩაშლისას, პოლიციამ მგონი სულ რამდენიმე მოძალადე დააკავა, ისიც ქურდობის მუხლით. როცა ვნახეთ, რომ ძალადობაში ასობით ადამიანი იყო ჩართული. როგორ შეაფასებდით, 2023 წელს, უმცირესობის და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას საქართველოში?

დიახ. აუცილებლებად უნდა აღინიშნოს, როცა 2023 წელზე ვსაუბრობთ, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხი, მათ შორის, ლგბტქი+ თემის უფლებრივი მდგომარეობა. ჩვენ ვნახეთ, რომ 8 ივლისს, ფაქტიურად, სახელმწიფოს უმოქმედობით და გარკვეული კავშირებითაც, რომელიც პოლიციის ქმედებაში იკვეთებოდა, პრაიდ-ფესტივალი ჩაიშალა.

ამ ღონისძიებას წესით პრობლემა არ უნდა შექმნოდა, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ყველა რესურსი, რომ პრაიდი უსაფრთხოდ გამართულიყო. ამ ყველაფერში ჩანს, ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომები მოწყვლადი ჯგუფების და უმცირესობების მიმართ.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვა, მთავარ ეროვნულ პრობლემებს შორის, მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ როგორიც არის საზოგადოების, მოქალაქეების განწყობა, ასე ვთქვათ, „დაკვეთა“, ისეთივეა ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკის მიმართ? ამის შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხელისუფლება „მნიშვნელოვან პროგრესზე“ საუბრობს, ხოლო სახალხო დამცველი პოლიტიკურად, საკმაოდ ნეიტრალურ განცხადებას ავრცელებს...

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვაც და ამ საკითხზე საუბარი არსებითად მნიშვნელოვანია. ეს მე-9 ადგილი მიანიშნებს იმაზე, რომ წამყვანი ეროვნული პრობლემები არის როგორც წესი, მაღალი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა და როცა მოქალაქეების უმრავლესობას ეს პრობლემები აქვთ, თავის გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემის მასშტაბი გაიაზრონ.

მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები დიდწილად სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და ხარისხზეა დამოკიდებული.

პოლიცია აკავებს, სასამართლო მაღალ ჯარიმას წერს
პოლიცია აკავებს, სასამართლო მაღალ ჯარიმას წერს

იგივე სასამართლოში არსებული პრობლემები, იქ არსებული პოლიტიკური გავლენები, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც გავლენებს დღემდე ინარჩუნებენ და მართლმსაჯულებას უზარმაზარ პრობლემებს უქმნიან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან, პირდაპირი ინვესტიციების შემცირებასთან, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხთან...

ეს შერჩევითი დაკავებები რომ ავიღოთ, თუ კი ადამიანს კონკრეტული ბანერის ან თეთრი ფურცლის გამო აკავებენ, ეს შეიძლება კონკრეტულად იმ მომენტში მხოლოდ მას ეხება, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს შეიძლება, ყველას შეეხოს

ამ მიმართულებით არსებითად არის სამუშაო საზოგადოებასთან. ის პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ინდივიდებს ექმნებათ, ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ინდივიდუალურ პრობლემას და ეს არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა.

მაგალითად, ეს შერჩევითი დაკავებები რომ ავიღოთ, თუკი ადამიანს კონკრეტული ბანერის ან თეთრი ფურცლის გამო აკავებენ, ეს შეიძლება, კონკრეტულად იმ მომენტში, მხოლოდ მას ეხება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება, ყველას შეეხოს.

იგივე შეიძლება ითქვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ გამოძიებაზე, როცა დაკითხვებზე დაჰყავთ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ნებისმიერს შეიძლება შეეხოს კულტურის სფეროში, იგივე მწერალთა სახლში და კინოცენტრში, ასევე მუზეუმებში მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ შემოქმედებით თავისუფლების შეზღუდვას და კონტროლს ისახავს მიზნად; განათლების სისტემაში, სკოლის დირექტორების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა და დანიშვნები და ა.შ

თუკი კრიტიკული მედიის ჟურნალისტზე თავდასხმა, კრიტიკული აზრის, სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა დღეს შეძლეს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ, ანალოგიურად შენ დაგესხმებიან თავს და შეგზღუდავენ, ნებისმიერ სხვა სფეროში. ამის გააზრება საზოგადოებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ხელისუფლების რიტორიკას „პროგრესზე“, ვფიქრობ, რომ მათთვის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გადაწყვეტა არ არის პრიორიტეტული, სხვა, პოპულისტურ თემებთან შედარებით.

პოლიციას არცერთი მოძალადე არ დაუკავებია თბილისი პრაიდის ჩაშლისთვის, 2023 წლის 8 ივლისი
პოლიციას არცერთი მოძალადე არ დაუკავებია თბილისი პრაიდის ჩაშლისთვის, 2023 წლის 8 ივლისი

XS
SM
MD
LG