ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ნატოს შეხვედრებზე უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროპაში გაემგზავრა და ის უკრაინის მიმართ ნატოს ურყევ მხარდაჭერას ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ისრაელის და "ჰამასის" ომი ადმინისტრაციის ყურადღების დიდ ნაწილს იპყრობს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონს გაუჭირდება ისრაელისა და უკრაინის ერთდროულად მხარდაჭერა, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ეჭვქვეშ არ დადგება.

ჯეიმს ობრაიენმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლინკენი, რომელიც ორშაბათს ბრიუსელში გაემგზავრა და ნატო-უკრაინის საბჭოს ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, კიევისადმი ურყევ მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს. "ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რაც ალიანსში უკრაინისთვის იმ ადგილის გამონახვას გულისხმობს, რომელიც როგორც ყოველთვის ვამბობდით, უკრაინის მომავალს ეკუთვნის", - თქვა მან.

ობრაიენმა დასძინა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება. თუმცა ამერიკის კონგრესში კვლავ განიხილავენ თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების თაობაზე.

ჟურნალისტებმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც ჰკითხეს. საუბარია "ბილდის" ცნობებზე, რომ ამერიკა და გერმანია კიევს მოლაპარაკებებისკენ უბიძეგებენ. ობრაიენი ამბობს, რომ ვაშინგტონს არ აქვს ასეთი პოლიტიკა და აგრძელებს მიდგომას, რომ ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი საკითხია.

ნატოს მინისტრები კი სამშაბათსა და ოთხშაბათს შეიკრიბებიან. პრობლემურ საკითხად რჩება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაც, რომელსაც თურქეთი და მასთან ერთად უნგრეთი, კვლავ ბლოკავენ. ანკარამ აცნობა ნატოს, რომ მისი პარლამენტი შვედეთის წევრობის საკითხის რატიფიკაციას ამ შეხვედრებამდე არ აპირებს.

ობრაიენის თანახმად, ბლინკენი ასევე ისაუბრებს დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც, სადაც ალიანსი სამხდრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს. მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ნატოს სამშვიდობო ძალების უფრო ძლიერ და მრავალფეროვან წარმომადგენლობას რეგიონში.

ენტონი ბლინკენი ასევე მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრებშიც, რომელიც ამ კვირაში სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG