ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთს, რუსეთთან საზღვარზე კრიზისთან გასამკლავებლად, ევროკავშირის მეტი პერსონალი დაეხმარება


ხუთშაბათს, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფრონტექსმა (Frontex) განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ფინეთში დამატებით ოფიცრებს გაგზავნის. ფინეთი, რუსეთის გავლით ქვეყანაში შესული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შეზღუდვას ცდილობს.

ჰელსინკმა მოსკოვს ბრალი დასდო, რომ გასულ ორ კვირაში, საზღვართან 700-ზე მეტი მიგრანტი გადაისროლა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იემენი, ავღანეთი, კენია, მაროკო, პაკისტანი, სომალი და სირია. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

ოთხშაბათს ფინეთმა გამოაცხადა, რომ პარასკევს რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვრის ყველა გასასვლელ პუნქტს დაკეტავს, ერთის გარდა და ეს შორეული არქტიკული მარშრუტია.

ეს ღონისძიება თავდაპირველად ერთი თვით იმოქმედებს.

„ფრონტექსმა“ თავის განცხადებაში თქვა, რომ ფინეთში საზღვრის კონტროლის გასაძლიერებლად 50 მესაზღვრე ოფიცერს განალაგებს, ასევე უზრუნველყოფს აღჭურვილობას, როგორიცაა საპატრულო ავტომობილები.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შემსვლელების რეგისტრაციას გააძლიერებს, შექმნის ფოტოების, თითის ანაბეჭდების და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შეგროვების ცენტრებს.

რანტანენმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა: „ეს უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რადგან არ ვიცით საზღვარს ვინ კვეთს“.

"ფრონტექსმა“ განაცხადა რომ პერსონალის პირველ ჯგუფს 29 ნოემბერს გაგზავნის. ჯგუფში იქნებიან მესაზღვრე ოფიცრები, მიგრანტების რეგისტრაციის დამხმარე პერსონალი, დოკუმენტების ექსპერტები და თარჯიმნები.

„ყველა ადამიანის“ ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება, განაცხადა „ფრონტექსმა“.

XS
SM
MD
LG