ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებს უტევს


უკრაინის სამაშველო სამსახური, 16 ნოემბერი, 2023 წ. AFP
უკრაინის სამაშველო სამსახური, 16 ნოემბერი, 2023 წ. AFP

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის რეგიონებს უტევს. თავდასხმის სამიზნე, ამჯერად, დნიპროპეტროვსკი და ხერსონი გახდა. რეგიონების ოფიციალური პირების თანახმად, იერიშებმა ზიანი გამოიწვია. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გახშირებას ელოდება.

დნიპროპეტროვსკში, კრივი რიჰსა და ნიკოპოლში, და მათ შემოგარენში, ღამით რამდენიმე რაკეტა ჩამოავრდა. ამის შესახებ გუბერნატორი სერჰი ლისაკი იტყობინება და ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დაახლოებით შუაღამისას, კრივორიზკის უბანში აფეთქება გაისმა. მტერმა რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაუმიზნა, ამან მსხვერპლის ან ადამიანთა დაშავების გარეშე ჩაიარა. აგრესორის მძიმე არტილერიის სამიზნე ცერვონოჰრიჰორივკის უბაანი იყო, ნიკოპოლის რეგიონში. არავინ დაშავებულა", - დაწერა ლისაკმა "ტელეგრამზე".

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, რომან მროჩკოს თქმით, დაბომბვისას ერთი მოქალაქე დაშავდა

"დაახლოებით პირველ საათზე, რუსულმა არმიამ ხერსონის სამოქალაქო დასახლება, დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან დაბომბა. მტრის თავდასხმის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიჭრა და მას სამედიცინო დახმარება გაეწია", - დაწერა მროჩკომ "ტელეგრამზე". მისი თქმით, თავდასხმისას ამ მამაკაცის საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.

რუსეთი ხერსონს, მდინარე დნოპროს მეორე ნაპირიდან, თითქმის ერთი წელია უტევს. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარმა ქალაქი გაათავისუფლა, რუსმა სამხედროებმა კი მარცხენა ნაპირზე გადაინაცვლეს. ოთხშაბათს, ქალაქში დაბომბვას 42 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეტაკებები გრძელდება ხარკივისა და დონეცკის რეგიონებშიც. გენერალური შტაბის მონაცემებით, იქ ბოლო 24 საათის განმავვლობაში, 74 ბრძოლა შედგა. ხარკივში კი უკრაინის ჯარმა 12 რუსული იერიში მოიგერია, მათ შორის სინკივკის, პეტროპავლივკისა და ივანივკის შემოგარენში.

უკრაინელი სამხედროები კვლავ იბრძვიან ბახმუტის მიმართულებითაც. რუსეთმა იქ, უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ, 42 კამიკაძე დრონი გამოიყენა, თუმცა კიევის ცნობით, უშედეგოდ. ყურადღების ცენტრშია ქალაქი ავდიივკაც, დონეცკის რეგიონის მნიშვნელოვანი დასახლება, რომლის ალყაში მოქცევასაც რუსული ჯარი კვლავ წარუმატებლად ცდილობს. თუმცა, მხარეების მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა, საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტოების ჟურნალისტებს, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

XS
SM
MD
LG