336 მომხრე, 96 წინააღმდეგი - ხმათა ამ რაოდენობით, ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ, დროებითი საბიუჯეტო ხარჯვითი პროექტი მიიღო და შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვა ამ ეტაპზე თავიდან აიცილა. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის დაფინანსებას სწორედ იანვრის შუა რიცხვებამდე ითვალისწინებს. მთავრობის დახურვის პრევენციისთვის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი ორივე პარტიის ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.
ფედერალური სააგენტოების მიმდინარე დაფინანსება ამ კვირის პარასკევს შუაღამისას ამოიწურება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოაწეროს კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თუმცა, მანამდე, წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე მიღებული პროექტი, ასევე უნდა მიიღოს სენატმა.
სამშაბათს ღამით, წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მოხარულია, კანონპროექტის „ძლიერი ორპარტიული“ მხარდაჭერით მიღებით. მისივე თქმით, სენატში კანონის „რაც შეიძლება მალე“ მიღებისთვის, თავის რესპუბლიკელ კოლეგასთან, სენატის უმცირესობის ლიდერ მიტჩ მაკკონელთან იმუშავებს.
წარმომადგენელთა პალატაში უკვე მიღებული კანონპროექტი, ძალაში შესვლის შემდეგ, მთავრობის დაფინანსებას 19 იანვრის ჩათვლით უზრუნველყოფს. ზოგიერთი ფედერალური უწყების ფუნქცია, მათ შორის თავდაცვის ოპერაციები, 2 თებერვლის ჩათვლითაა უზრუნველყოფილი. ეს დროებითი გადაწყვეტა, დეტალური ხარჯვითი კანონპროექტის შესამუშავებლად, კანონმდებლებს მეტ დროს აძლევს.