პოლონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირის მომხრე ძალებმა გაიმარჯვეს. მართალია მოქმედმა პარტიამ ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ახლა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.
ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია "მესამე გზა" სავარაუდოდ "ახალ მემარცხენეებთან" ერთად დონალდ ტუსკის პარტია "სამოქალაქო კოალიციას" მმართველი გუნდის დაკომპლექტებაში დაეხმარება. დონალდ ტუსკის ევროკავშირის მხარდამჭერმა "სამოქალაქო კოალიციამ" და მისმა მოკავშირეებმა მთლიანობაში საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს. ახალი მთავრობის შესაძლო ლიდერად სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 66 წლის ტუსკი მოიაზრება.
"კანონისა და სამართლიანობის" პარტიასა და ბრიუსელს შორის ბოლო 8 წლის განმავლობაში დაძაბულობის მიზეზებს შორის იყო დემოკრატიული სტანდარტებისა და მედია თავისუფლების, ასევე უმცირესობების უფლებებისა და მიგრაციის საკითხები. პარტიამ მმართველი უმრავლესობა დაკარგა, თუმცა პოლონეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, "კანონისა და სამართლიანობის" პარტია პარლამენტის ქვედა პალატაში, სეიმში, მანდატების უმრავლესობას მიიღებს. ხმათა 35.38 %-ით ის 460-წევრიან პარლამენტში 190 დეპუტატს შეიყვანს. მაგრამ, მას ბევრი მოკავშირე არ ჰყავს.
"უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც საბოლოო შედეგები გამოცხადდება, ჩვენ მოკავშირეებთან საუბარს დავიწყებთ", განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიჩმა, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, "მესამე" გზის ლიდერმა.
სამშაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, ტუსკის პარტიამ ხმათა 30.70 % მოიპოვა. "მესამე გზამ" მესამე ადგილი აიღო და ხმების 14.40 % მიიღო. ულტრა-მემარჯვენე "კონფედერაციამ" კი მოსახლეობის 7.16 % მხარდაჭერა მოიპოვა.
ტუსკის კოალიციას და მის პოტენციურ პარტნიორებს "მესამე გზას" და "ახალ მემარცხენეებს" ერთად 250 მანდატი ექნებათ, ეს მათ სტაბილური კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ეს პროცესი შესაძლოა არათუ კვირების, არამედ თვეების განმავლობაშიც გაჭიანურდეს.
პრეზიდენტი ანჯეი დუდა, "კანონისა და სამართლიანობის" პარტიის მოკავშირე, არჩევნების დღემდე ამბობდა, რომ ის მთავრობის დაკომპლექტების შანსს ჯერ მაინც იმ პარტიას მისცემდა, ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა. თუმცა იმ ფონზე, როცა ამ დრომდე პოლონეთის მმართველ ნაციონალისტურ პარტიასთან კოალიციის შექმნის ინიციატივა არავის გამოუხატავს, იაროსლავ კაჩინსკის პარტია სავარაუდოდ მესამე ვადით ქვეყნის მართვას ვეღარ შეძლებს. პარტიის წარმომადგენლები უკვე ამბობენ, რომ ისინი სავარაუდოდ "ნამდვილ დემოკრატიულ ოპოზიციაში" გადავლენ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წლევანდელ არჩევნებში პოლონეთის მოსახლეობის ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა აქტივობა 74 % იყო. მართალია პარტიებმა წელს პირველად მოახერხეს ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ასეთი მობილიზება, წინასაარჩევნო კამპანია მაინც ძლიერ პოლარიზებულ და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.