ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი უკანონო მიგრანტების რიცხვის მკვეთრ ზრდას ელის


იმ დროს, როდესაც ისრაელი ღაზის სექტორის ალყას აძლიერებს და ხანგრძლივი კონფლიქტის ალბათობა იზრდება, საბერძნეთი არალეგალური მიგრანტების ახალი ტალღის შედინებისთვის ემზადება. ქვეყნის მიგრაციის სამსახურის უმაღლესი ოფიციალური პირი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ ბოლოდროინდელი ძალადობა მიგრანტთა რიცხვს მკვეთრად გაზრდის. გაეროს მონაცემებით მიგრანტებს შორის პალესტინელები უკვე უმეტესობას შეადგენენ.

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა დიმიტრის კერიდისმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დაპირისპირების გამწვავებამდეც, საბერძნეთი არალეგალური მიგრანტების დიდი შედინების საფრთხის წინაშე იდგა.

მინისტრმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ზრდა, სავარაუდოდ საბერძნეთისა და მთლიანად ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციას და შესაბამისად წნეხს გააძლიერებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კრიზისში ირანიც ჩაერთვება და დაძაბულობა ლიბანში, ეგვიპტესა და ლიბიაში გამწვავდება.

იტალიისა და ესპანეთის მსგავსად, საბერძნეთიც მიგრანტების ნაკადებთან გამკლავებას ცდილობს.

გაეროს მონაცემების თანახმად, საბერძნეთში უკანონოდ შესულ მიგრანტთა 22 პროცენტი პალესტინელია. რაოდენობის მხრივ მათ შემდეგაა ავღანელები, სომალელები და სირიელები.

საბერძნეთი, კვიპროსთან, იტალიასთან, მალტასთან და ესპანეთთან ერთად, მზარდ უკანონო მიგრაციასთან გასამკლავებლად ევროკავშირისგან მეტ დაფინანსებას ითხოვს. ეს ხუთი ქვეყანა ბრიუსელს დაჟინებით სთხოვს სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკანონო მიგრანტებს უკან არ იღებენ. ევროკავშირის ლიდერების პოზიციები, რომლებიც 6 ოქტომბერს ესპანეთის გრანადაში შეიკრიბნენ, მკვეთრად დაყოფილი იყო საიმისოდ, რომ ერთობლივი პოზიცია ჩამოეყალიბებინათ.

XS
SM
MD
LG