მოსკოვი აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინის მიერ გაშვებული 31 დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტრომ ოთხსაბათს გააკეთა. თუმცა შესაძლო ზიანის ან დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
პარალელურად, ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე სოფელში კასეტური ამუნიცია გამოიყენეს. თუმცა ამის შედეგად მხოლოდ რამდენიმე სახლი დაზიანდა. "როიტერის" ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს ცნობები გაავრცელეს, შესაძლებლობა არ ჰქონიათ დმაოუკიდებლად გადაემოწმებინათ ინფორმაცია თავდასხმების თუ ზიანის შესახებ. კომენტარი უშუალოდ ამ თემაზე არც კიევს გაუკეთებია.
უკრაინამ კასეტური ბომბები შეერთებული შტატებისგან მიიღო და კიევმა პირობა დადო, რომ ის მას მხოლოდ მტრის ჯარისკაცების შეჯგუფებების წინააღმდეგ გამოიყენებდა.
უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რუსეთის ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები კიევის შეიარაღებულ ძალებს გამუდმებით ადანაშაულებენ განურჩეველ დაბომბვებში.
კასეტური ბომბები 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია. ისინი როგორც წესი, კიდევ უფრო მცირე ბომბებად იშლება და განურჩეველ მსხვერპლს იწვევს დიდ ტერიტორიაზე. ამასთან, ის კასეტური ბომბები, რომლებიც პირველადი გამოყენებისას არ აფეთქდება, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში რჩება სახიფათო.