ოთხშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული დროშა ვერ იქნება... იმ დროს, როდესაც რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის.“
კითხვაზე, შესაძლებელი თუ იყო რუს სპორტსმენებს პარიზში ნეიტრალური სტატუსით ეასპარეზათ, მაკრონმა დაამატა: „იმედი მაქვს, რომ ეს ოლიმპიურ სამყაროში გაცნობიერებული გადაწყვეტილება იქნება. მასპინძელი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, თუ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა როგორ უნდა იმოქმედოს.“
მან ყოველდღიურ სპორტულ გამოცემა L’Equipe-ს ასევე უთხრა: „თომას ბახს (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) სრულად ვენდობი.“
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სპორტის ბევრ სახეობაში რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები სანქციების წინაშე დგანან.
მიმდინარე ომის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია, რომ სპორტსმენებს რუსეთიდან და კრემლის მოკავშირე ბელარუსიდან, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ნებართვა მისცენ, როგორც ნეიტრალურ პირებს.
ასეთმა სპორტსმენებმა გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ.
ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ უნდა გამოვიდნენ და დაამტკიცონ, რომ უკრაინაში ომს აქტიურად მხარს არ უჭერდნენ.
„აშკარაა, პარიზის თამაშებზე რუსული დროშა ვერ იქნება. ვფიქრობ, ამაზე ერთსულოვანი თანხმობა არსებობს,“ დაამატა მაკრონმა გამოცემასთან ინტერვიუში.